აშშ უკრაინის დასახმარებლად 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტს ამზადებს. მასში საზენიტო კომპლექს „სტინგერისთვის“, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო HAWK და NASAMS სისტემებისთვის რაკეტები, ასევე საარტილერიო ჭურვები და საბრძოლო მასალა შევა. ამის შესახებ ინფორმაციას ორი ამერიკელი მაღალჩინოსანი, ანონიმურობის დაცვით ავრცელებს, ოფიციალურად კი, მორიგი დახმარების შესახებ განცხადება 30 დეკემბერს გაკეთდება.

მათივე თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე, ვაშინგტონმა შესაძლოა, ვერ მოასწროს, პენტაგონის რეზერვებში უკრაინისთვის დარჩენილი 5.6 მილიარდი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების გახარჯვა. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდაცვის სამინისტროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა მიმდინარე კვირაში დაავალა. გარდა ამისა, პენტაგონის ცნობით, ვაშინგტონს, ასევე 1.2 მილიარდი დოლარის ოდენობით თანხა აქვს დარჩენილი ხანგრძლივი დაფინანსების ინიციატივიდან, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სფეროს გაძლიერებას ისახავს მიზნად და სპეციალისტებისა და კონტრაქტორების ხელფასებს, იარაღის მიწოდებას და სხვ. მსგავს ხარჯებს ხმარდება. მაღალჩინოსნების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, კალენდარული წლის ბოლომდე შეეცდება დარჩენილი თანხების გამოყოფას.

წყარო: 1 არხი