„იანვარში დაგეგმილი გვქონდა ახალი პროექტის დაწყება, მიწის შეძენა, ახალი ინვესტიციის განხორციელება - ეს გადაწყვეტილება ახლა დაპაუზებულია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.
ბიზნეს სექტორი და ეკონომიკის ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ მიმდინარე კრიზისის პარალელურად უცხოური ინვესტიციების შემოდინება შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორები თვალს ადევნებენ მიმდინარე მოვლენებს, განწყობებსა და მოლოდინებს.
ორთოიძე აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში შესაძლოა, პრობლემური იყოს არამხოლოდ ახალი ინვესტიციების შემოდინება, არამედ, უკვე არსებული ინვესტიციების შენარჩუნება.
„არსებულ ვითარებაში ინვესტიციებზე ვერც იქნება რაიმე სახის საუბარი. იგივე, მაგალითად, ჩვენს კომპანიას ჰქონდა დაგეგმილი იანვარში ახალი პროექტის დაწყება, მიწის შეძენა, ახალი ინვესტიციის განხორციელება და რა თქმა უნდა, მსგავსი გადაწყვეტილება ახლა დაპაუზებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სხვა მიმართულებით მსგავსი მდგომარეობა იქნება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიძლება საფიქრალი გაგვიხდეს არამხოლოდ ახალი ინვესტიციები, არამედ არსებული ინვესტიციების შენარჩუნება, რადგან გვყავს ევროპელი პარტნიორები შესაბამისად, იმ ინვესტიციისა და სახსრების შენარჩუნება, რაც მათი მხრიდან საქართველოში არის განთავსებული, გართულდება, რადგან ძალიან რთულია აუხსნა ევროპელ ინვესტორს, რომ იმ ფონზე, როცა შენი ქვეყნის არჩევნები არ არის აღიარებული, მთავრობის წევრები გვყავს სანქცირებული, მათი [ინვესტორების] თანხები და ინვესტიციები უსაფრთხოა აქ.
საჭიროა, რომ გამოჩნდეს ესკალაციის დასრულების გზები, რომ მერე ვისაუბროთ თითოეულ სექტორს რა დახმარება დასჭირდება და აშკარაა, რომ დასჭირდება სხვადასხვა სექტორს დახმარება - მაგალითად იგივე სტუმარ-მასპინძლობის სექტორს, სადაც საუბარი არ არის არა მოგებაზე, არამედ ბიზნესის შენარჩუნებაზე, ხელფასების გადახდა რომ შეძლონ, კომუნალურები რომ გადაიხადონ და ა.შ.“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.
წყარო: bpn.ge