„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანას არაფერი ემუქრება და ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისა. 

საქართველოს SWIFT-დან შესაძლო გათიშვაზე, რაც შესაძლოა სანქციებს მოყვეს, კობახიძის პასუხი ასეთია:

"რა შუაშია SWIFT-ი? რომელიმე ქვეყანაში შევიჭერით თუ რა გავაკეთეთ, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით? - მარტო რუსეთს არ ვგულისხმობ ამაში. ნუ ოცნებობთ ასეთ რაღაცებზე, ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები.

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. 2025 წელი ქვეყნისთვის იქნება ძალიან წარმატებული და ჩვენ მომავალ წელსაც ისე მკაცრად დავიცავთ ამ ქვეყნის ინტერესებს, როგორც ამას ვაკეთებდით ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ახალი არჩევნები არ იქნება:

"რა ახალი არჩევნები? რა შუაშია? არჩევნები იქნება 2028 წლის 28 ოქტომბერს", - თქვა კობახიძემ. 

SWIFT -ი (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications) არის ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემა, რომელსაც ბანკები იყენებენ ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გასაცვლელად, რაც  საჭიროა საბანკო ტრანზაქციებისა და გადახდების (ანგარიშსწორების) განსახორციელებლად. ნებისმიერი ტრანზაქცია რთულდება და ძვირდება ბანკშიი, რომელიც ჩართული არ არის ამ სისტემაში.