2024 წელი იქნება ყველაზე ცხელი მას შემდეგ, რაც დაიწყო მეტეოროლოგიური დაკვირვებები და პირველი წელი, როდესაც საშუალო ტემპერატურა 1,5 გრადუს ცელსიუსით აღემატება პრეინდუსტრიულ დონეს (დაახლოებით 200 წლის წინ), რასაც კლიმატოლოგები გლობალური დათბობის მნიშვნელოვან ზღურბლად მიიჩნევენ – „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახური Copernicus–ი იტყობინება.

ექსპერტების მონაცემებით, ნოემბერში დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 14,10 გრადუსი ცელსიუსი იყო. ეს 0,73 გრადუსით მეტია 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე.

მიმდინარე წლის ნოემბერი 1,62 გრადუსით თბილი იყო პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე. ბოლო 17-დან ეს უკვე მე-16 თვეა, როცა ტემპერატურა 1,5 გრადუსს აჭარბებს.

Copernicus–ის ექსპერტების აზრით, გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა არის სათბურის გაზების ემისიების სწრაფად შემცირება.