გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ისრაელში იარაღის ექსპორტს „შემდგომ შეტყობინებამდე“. ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ქვეყნის ეს ნაბიჯი პასუხია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ დამტკიცებულ გეგმაზე, რომელიც ქალაქ ღაზის დაპყრობას ითვალისწინებს.
გერმანიას, ევროკავშირის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, აქამდე არ მიუღია მკაცრი ზომები ისრაელის მთავრობის მიმართ. ისრაელის სამხედრო გეგმები გააკრიტიკეს გაერომ, ჰუმანიტარულმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა, ასევე ღაზაში ჯერ კიდევ დაკავებული ისრაელელი მძევლების მხარდამჭერებმა.
მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს „აქვს უფლება დაიცვას თავი ჰამასის ტერორისგან“ და თქვა, რომ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება და 22-თვიანი კონფლიქტის დროს ცეცხლის შეწყვეტისკენ მიზანმიმართული მოლაპარაკებები „ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“.
მან ასევე თქვა, რომ სულ უფრო რთული ხდება იმის გაგება, თუ როგორ დაეხმარება ისრაელის სამხედრო გეგმა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას და დასძინა: “ამ გარემოებებში გერმანიის მთავრობა არ გასცემს ავტორიზაციას სამხედრო აღჭურვილობის რაიმე ექსპორტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ღაზის სექტორში“.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის სამხედრო აღჭურვილობაზეა ლაპარაკი.
ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა „კატასტროფა“ უწოდა ქალაქ ღაზის დაპყრობის გეგმას
8 აგვისტოს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა, რომელიც ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარებას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა The Times of Israel-ი წერს, კაბინეტმა ნეთანიაჰუს წინადადებას მხარი დაუჭირა, მიუხედავად ისრაელის თავდაცვის არმიის გაფრთხილებისა, რომ ეს ოპერაცია საფრთხეს შეუქმნის ჰამასის ტყვეობაში დარჩენილ მძევლებს და ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.
გამოცემის თანახმად, ოპერაციის გამო საჭირო გახდება მასობრივი ევაკუაცია ქალაქ ღაზიდან, სადაც დაახლოებით 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
ისრაელის თანახმად, ამჟამად მისი სამხედროები ღაზის სექტორის 75%-ს აკონტროლებენ. საერთაშორისო თანამეგობრობა ისრაელისგან სულ უფრო მკაცრად მოითხოვს ომის დასრულებას.