აზერბაიჯანმა სომხეთის საზღვართან ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ცნობით, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში რკინიგზის ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოდერნიზაციის პროექტირება დასრულებულია, ხოლო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ორდუბადის რეგიონში ზანგეზურის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ცნობილი ხდება, რომ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი სარკინიგზო ქსელის შექმნის შემდეგ, რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 15 მილიონი ტონა იქნება.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, სომხეთი აშშ-ს 99 წლით ექსკლუზიურ გრძელვადიან უფლებებს სომხური კანონმდებლობის ფარგლებში ანიჭებს იმ მარშრუტის განვითარებისთვის, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას შეძლებს. ამერიკული მხარე მიწის ქვეიჯარით გაცემას კონსორციუმზე გეგმავს, რომელიც ინფრასტრუქტურასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.
ზანგეზურის დერეფანი, იგივე „ტრამპის მარშრუტი“ საერთო ჯამში 42-კილომეტრია. აღნიშნული სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემა სამხრეთ სომხეთში, სიუნიქის რეგიონში გაივლის. პროექტის მთავარი მიზანი აზერბაიჯანსა და მის ანკლავ ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს შორის სატრანსპორტო კავშირების განბლოკვაა. თავის მხრივ, სომხეთი შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავის ტერიტორიაზე, თუმცა შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ მარშრუტის მმართველი კერძო ამერიკული კომპანია იქნება.
აღსანიშნავია, რომ „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის დასრულების თარიღად თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ 2030 წელი დაასახელა. მანვე განაცხადა, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში.