ფინეთში ხელისუფლება ბიონარჩენების დახარისხების წესების გამკაცრებას გეგმავს და არასწორი სორტირების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის ჯარიმების დაწესებასაც განიხილავს. მიზეზი ევროკავშირის მზარდი მოთხოვნები და ის გარემოებაა, რომ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ორგანული ნარჩენი კვლავ საერთო ნაგავში ხვდება, რის გამოც მათი გადამუშავება ვერ ხდება.

ფინეთის გარემოსდაცვითი უწყებების მონაცემებით, საერთო საყოფაცხოვრებო ნარჩენების თითქმის მესამედი ბიონარჩენია — საკვების ნარჩენები, ბოსტნეულის და ხილის ნაფცქვენები და სხვა ორგანული მასალა, რომელიც ცალკე უნდა გროვდებოდეს. თუმცა პრაქტიკაში მათი დიდი ნაწილი კვლავ შერეულ ნაგავში ხვდება და საბოლოოდ იწვება, რის გამოც იკარგება როგორც ენერგეტიკული, ისე სასუქად გამოყენების პოტენციალი.

ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით, 2030 წლისთვის მუნიციპალური ნარჩენების მინიმუმ 60% უნდა გადამუშავდეს, ხოლო ფინეთი ამ მიზანს ჯერ ჩამორჩება. სწორედ ამიტომ, ქვეყანაში აქტიურად საუბრობენ უფრო მკაცრ კონტროლზე, ჯარიმებსა და მოქალაქეების პასუხისმგებლობის გაზრდაზე. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბიონარჩენების სწორად დახარისხება პირდაპირ უკავშირდება ბიოგაზის, ენერგიისა და ეკოლოგიური სასუქების წარმოებას.

ფინეთში უკვე გაფართოვდა ბიონარჩენების სავალდებულო დახარისხების წესებიც. 2024 წლიდან ბევრ მუნიციპალიტეტში კერძო სახლების მცხოვრებლებსაც დაევალათ ორგანული ნარჩენების ცალკე შეგროვება ან კომპოსტირება.