ფინეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი გაიხსნა. ახალი ხიდი, სახელად კრუუნუვუორენსილტა, დედაქალაქ Helsinki ჰელსინკის ცენტრს მის აღმოსავლეთ რაიონებთან აკავშირებს და უკვე ქვეყნის ერთ-ერთ ახალ სიმბოლოდ მიიჩნევა. ხიდის სიგრძე 1.191 კილომეტრია, ხოლო ის განკუთვნილია მხოლოდ ქვეითებისთვის, ველოსიპედისტებისთვისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ავტომობილების მოძრაობა აქ აკრძალულია.

პროექტი მხოლოდ ერთი ხიდი არ არის — ის შედის უფრო ფართო Crown Bridges / Kruunusillat ურბანულ სატრანსპორტო პროგრამაში, რომელიც ჰელსინკის ცენტრს კუნძულოვან უბნებთან აკავშირებს. ოფიციალური მონაცემებით, პროექტის პირველი ეტაპის საერთო ღირებულება 326 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხაში შედის სამი ხიდის მშენებლობა, ტრამვაის ხაზი და ახალი საფეხმავლო/ველობილიკების ინფრასტრუქტურა.

ცალკე ორი ძირითადი ხიდის — კრუუნუვუორენსილტასა და ფინკენსილტას — სამშენებლო კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 123 მილიონი ევრო იყო.

ახალი ხიდის გახსნის შემდეგ მგზავრობის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. თუ ადრე მოსახლეობას ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად გრძელი შემოვლითი მარშრუტი სჭირდებოდა, ახლა გზა თითქმის ორჯერ მოკლდება. ქალაქის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ინვესტიცია გაზრდის უძრავი ქონების ღირებულებას, დააჩქარებს ახალი უბნების განვითარებას და ეკოლოგიური ტრანსპორტის წილს გაზრდის.

ფინეთის მაგალითი აჩვენებს, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურა უკვე მხოლოდ გადაადგილების საკითხი აღარ არის — ის ქალაქის ეკონომიკური ზრდის, ტურიზმისა და ურბანული განვითარების ინსტრუმენტად იქცა.

წყაროები:
https://kruunusillat.fi/en/about-the-project/
https://kruunusillat.fi/en/releases/the-city-council-decided-on-the-phasing-and-costs-of-the-construction-of-the-crown-bridges-tramway-line/
https://www.euronews.com/travel/2026/04/21/one-of-the-worlds-longest-pedestrian-bridges-just-opened-in-helsinki
https://news.cision.com/helsinki-partners/r/helsinki-s-new-landmark-and-finland-s-longest-bridge--kruunuvuorensilta--is-now-open-to-pedestrians-%2Cc4338235

https://euro-pulse.ru/news/v-finlyandii-otkrylsya-odin-iz-samyh-dlinnyh-peshehodnyh-mostov-v-mire/