მიმდინარე წლის ზაფხულში ფინეთი შვედეთის საზღვართან არსებული სარკინიგზო ხაზების რეკონსტრუქციას გეგმავს, რაც ევროპელი მოგზაურებისთვის ახალ, უპრეცედენტოდ გრძელ სარკინიგზო მარშრუტს გახსნის. აქამდე ფინეთის სასაზღვრო ქალაქ ტორნიოსა და შვედეთის ჰაპარანდას შორის გადაადგილება, რკინიგზის არსებობის მიუხედავად, მხოლოდ ავტობუსით ან ავტომობილით იყო შესაძლებელი. შეფერხების მთავარ მიზეზს ლიანდაგის სიგანეებს შორის განსხვავება წარმოადგენდა: ფინეთში დღემდე რუსეთის იმპერიის დროინდელი, ე.წ. „მეფის კოლეია“ (1524 მმ) გამოიყენება, შვედეთში კი – სტანდარტული ევროპული (1435 მმ).

მიუხედავად ევროკომისიის მოთხოვნისა, ფინეთი ეკონომიკური მიზანშეწონილობის გამო ლიანდაგის შეცვლაზე დიდხანს უარს ამბობდა, თუმცა ნატოში გაწევრიანების შემდეგ ქვეყანამ ეტაპობრივი გადასვლის გეგმაზე მუშაობა დაიწყო. ტორნიო-ჰაპარანდას მონაკვეთზე პრობლემა პრაქტიკული გადაწყვეტით მოგვარდა – ფინეთი 1.9 მილიონი ევროს ინვესტიციას ახორციელებს არსებული ხაზის აღსადგენად, შვედეთი კი თავის მხრივ მე-20 საუკუნის ვაგზლის რესტავრაციას ატარებს. შედეგად, ფინური მატარებლები პირდაპირ შვედეთის სასაზღვრო სადგურზე შევლენ, სადაც მგზავრები მარტივად, მხოლოდ ვაგზლის შენობის გავლით, შეძლებენ შვედურ მატარებლებზე გადაჯდომას.

ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტმა გლობალური მასშტაბის შესაძლებლობა გააჩინა – ამ მონაკვეთის ამოქმედებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი სარკინიგზო მოგზაურობა ხდება შესაძლებელი. მოგზაურებს შეეძლებათ მატარებლით, გადაჯდომების საშუალებით, ფინეთის ჩრდილოეთში მდებარე კოლარიდან პორტუგალიის ქალაქ ლაგუშამდე ჩავიდნენ. ავიასაწვავის ფასების ზრდის ფონზე, აღნიშნული მარშრუტი ევროპელი ტურისტებისთვის საჰაერო ტრანსპორტის საინტერესო და ეკოლოგიურ ალტერნატივად განიხილება.

წყარო: avianews.ge