"გურჯაანის ნაყინი" წელს პირველად, ჩამოსასხმელი ნაყინის წარმოებას იწყებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ლელა ბერიკაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, პროდუქცია საწყის ეტაპზე თბილისსა და კახეთი რეგიონში გამოჩნდება.

მისივე ინფორმაციით, ამ კუთხით ბიზნესის მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია.

"საწყის ეტაპზე ბიზნესს და იმ ობიექტებს, რომლებსაც აპარატები აქვთ შევთავაზებთ ჩამოსასხმელ ნაყინს და მომდევნო წლიდან ვფიქრობთ, რომ უკვე აპარატებიც ჩვენივე გვქონდეს. ახალი პროდუქტის ბიზნესისთვის შეთავაზებას მიმდინარე თვის ბოლოდან ვფიქრობთ. 

ჩვენი მხრიდან ახალ წამოწყებაზე ამ ეტაპზე დიდი ინვესტიციის განხორციელება არ გახდა საჭირო, რადგან მხოლოდ ნაყინს ვაწარმოებთ, თუმცა აპარატების დამატების შემთხვევაში გარკვეული რაოდენობის ინვესტიციის განხორციელება მოგვიწევს", - აღნიშნა ლელა ბერიკაშვილმა.

კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ ნაყინზე მოთხოვნა ძალიან დიდია, უამინდობის გამო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები 10%-ით შემცირდა.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანიას დიდი სურვილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე უფრო მეტ ქსელურ მარკეტში იყოს წარმოდგენილი, თუმცა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნილი პირობები, მათ შორის, ქეშბექები მათთვის რთულად შესასრულებელია.

ცნობისთვის, „გურჯაანის ნაყინს“ შპს „აისი“ მართავს. კომპანია ბაზარზე 1971 წლიდანაა. საწარმო გურჯაანში მდებარეობს.

bp.ge