ფინეთში პროპორციული ჯარიმების სისტემა მოქმედებს, რომელიც მძღოლის შემოსავლებზეა დაფუძნებული. ფინელმა მილიონერმა 59 კმ/სთ სიჩქარით იარა გზის მონაკვეთზე, სადაც ლიმიტი 30 კმ/სთ იყო, რაც მას 120 ათასი ევრო დაუჯდა.

სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი გზის საფარზეALEXANDRE MARCHI / MAXPPP

ჩრდილოეთ ევროპის ამ ქვეყანაში ეს გასაკვირი სულაც არ არის - როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება Nya Aland-ი იტყობინება, ფინეთში 79 წლის ბიზნესმენი, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, 120 000 ევროთი დააჯარიმეს. ფინეთსა და შვედეთს შორის მდებარე ალანდის ავტონომიური პროვინციის დედაქალაქ მარიეჰამნში, ანდერს ვიკლოფი თავისი „ბენტლით“, დაშვებული 30 კმ/სთ-ის ნაცვლად, 59 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.

სიჩქარის გადაჭარბება სკანდინავიაში სერიოზულ სამართალდარღვევად მიიჩნევა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჯარიმა ასეთი მაღალია. როგორც ფრანგული გამოცემა „ლე პარიზიენი“ განმარტავს, ფინეთში, ისევე როგორც შვეიცარიაში, ჯარიმები მოძრაობის წესების დამრღვევის ცხოვრების დონის მიხედვით იანგარიშება.

„ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი“

ფინეთის ხელისუფლება ჯარიმის გამოთვლას დამრღვევის ყოველთვიურ შემოსავალზე აფუძნებს, შემდეგ კი მას ამრავლებს კოეფიციენტზე, რომელიც სამართალდარღვევის სიმძიმეზეა დამოკიდებული. როგორც „ფიგარო“ იუწყება, ჯარიმისთვის წარდგენილი ანგარიში ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის კი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. ამ სისტემის მიზანი თანაბარი სასჯელის უზრუნველყოფა და შემაკავებელი ეფექტის შენარჩუნებაა. 2002 წელს, „ნოკიას“ მაღალჩინოსანი, 50 კმ/სთ-იან ზონაში 75 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისთვის, 116 000 ევროთი დააჯარიმეს.

თავის მხრივ, ანდერს ვიკლოფი, მოთხოვნილი დიდი თანხის მიუხედავად, სამართალდარღვევას არ უარყოფს. „შეცდომა დავუშვი, ამას ვაღიარებ და მეტი სათქმელი არაფერი მაქვს“, - განუცხადა ადგილობრივ მედიას ბიზნესმენმა, რომელმაც სიმდიდრე ვაჭრობითა და უძრავი ქონებით დააგროვა. „გულწრფელად ვწუხვარ ამ სიტუაციის გამო. თუმცა მსმენია, რომ ფინეთის ჯანდაცვის სისტემაში 1.5 მილიარდი დოლარის დაზოგვას აპირებენ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს ფული დეფიციტს გარკვეულწილად შეავსებს

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფინელი მილიონერი სიჩქარის გადაჭარბებაზე გამოიჭირეს. ადგილობრივი პრესის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ვიკლოფი, ჯამში, თითქმის 400 000 ევროთი დააჯარიმეს.

წყარო: 1არხი