FIFA საუდის არაბეთში ჩასატარებელი 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 2035 წლის იანვარში გადატანას განიხილავს, – ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა TheAthleticFC-ი ავრცელებს.

ზაფხულში საუდის არაბეთში მაღალი ტემპერატურაა და ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, ამიტომ ჩემპიონატი წელიწადის სხვა დროს უნდა ჩატარდეს, როგორც ეს 2022 წელს კატარის შემთხვევაში მოხდა, თუმცა 2034 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საუდის არაბეთში რამადანია. სწორედ ამიტომ FIFA ტურნირის ჩასატარებლად ყველაზე ხელსაყრელ თარიღად 2035 წლის იანვარს მიიჩნევს.

კალენდრის შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარი FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომაც გააკეთა:

„ზოგ ადგილას ზაფხულში ტურნირების ჩატარება შეუძლებელია, ამიტომ კალენდრის გადახედვა გვიხდება. ეს საკითხი მხოლოდ საუდის არაბეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს არ ეხება – ზოგადად, ივლისში თამაშისთვის ძალიან მაღალი ტემპერატურაა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც კი. ამიტომ საჭიროა, ამ თემაზე სერიოზულად დავფიქრდეთ“, – აღნიშნა ინფანტინომ.

ფეხბურთში მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 2026 წლის ზაფხულში ჩატარდება, 2030 წლის ტურნირს კი ექვსი ქვეყანა უმასპინძლებს – ძირითადი მასპინძლები ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო იქნებიან, ხოლო ჩემპიონატის 100 წლის იუბელესთან დაკავშირებით სამ მატჩს არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი მიიღებს.

რაც შეეხება საუდის არაბეთს, ქვეყანამ 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება გასულ წელს მოიპოვა.

1tv.ge