ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციით და 1000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შესაბამისი სპეციალისტების მიერ, აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად, გამოვლინდა არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლების არსებობა, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ პროდუქციაზე დატანილი მარკირება/ნიშანდება შეუსაბამო იყო თანმხლები დოკუმენტების მონაცემებთან.

კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.