ევრობარომეტრის ახალი კვლევის თანახმად, რომელშიც ევროკავშირის 27 ქვეყნიდან თითქმის 26 000 ადამიანი მონაწილეობდა, ევროპელების ორი მესამედი (69%) მიიჩნევს, რომ სმარტფონები სკოლებში უნდა აიკრძალოს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ევროპელების 78% თვლის, რომ ციფრულ უნარებს სკოლაში ისეთივე ყურადღება უნდა მიექცეს, როგორც კითხვას, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
10-დან 9 რესპონდენტი მხარს უჭერს ციფრული უნარების სკოლის სასწავლო გეგმაში ჩართვას ყველა კლასისთვის. მათი აბსოლუტური უმრავლესობა (92%) თანხმდება, რომ სწორედ სკოლებმა უნდა ასწავლონ ბავშვებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ ციფრული ტექნოლოგიების უარყოფით შედეგებს. საუბარია ინტერნეტდამოკიდებულებაზე, ინტერნეტში დეზინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობაზე, სიმართლისა და ტყუილის გარჩევის უუნარობასა და ხელოვნური ინტელექტის (AI) სწორად გამოყენების უნარების ნაკლებობაზე.
ევროპელების 87% მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სკოლის სასწავლო გეგმაში აუცილებელია, თუმცა მხოლოდ იმ პროგრამების, რომლებიც სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაა შემუშავებული.