2026 წლიდან „თხილის სუბსიდირების პროგრამა“ უქმდება, - ამის შესახებ ცნობილი მომავალი წლის ბიუჯეტიდან ხდება, სადაც თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის ფული გათვალისწინებული არ არის.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ის თავიდანვე ერთწლიანი დახმარება უნდა ყოფილიყო და სახელმწიფომ, საჭიროებიდან გამომდინარე, სამი წელი გაახანგრძლივა.

ეს ხომ არ არის ყურძენი და მოსავლის ჩაბარება... ეს იყო გარკვეული დახმარება ტექნიკის შეძენისთვის სხვა... რაც შეეხება იმას, თუ რატომ აღარ არის გათვალისწინებული პროგრამის გაგრძელება - იმიტომ, რომ თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ერთწლიანი პროგრამა, რომელიც 3 წლის განმავლობაში გაგრძელდა და დასრულდა.

რაც შეეხება ფაროსანასთან ბრძოლას - მის წინააღმდეგ ღონისძიებები სურსათის უვნებლობის სამსახურის ბიუჯეტში გათვალისწინებულია“, - ასე უპასუხა გიორგი კაკაურიძემ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, დეპუტატს გელა აბულაძეს თხილის სუბსიდირების პროგრამის შეჩერების შესახებ დასმულ კითხვაზე.