30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ქვეყანაში ტურისტული ნაკადი განსაკუთრებით მაღალია. ამ ხუთ დღეში მოთხოვნა ძალიან დიდია ხოლმე და შესაძლოა, წინა პერიოდთან შედარებით, 50%-მდეც გაიზარდოს, - ამის შესახებ WST-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გერმანე ჭელიძე "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

გერმანე ჭელიძის თქმით, აღნიშნულ პერიოდში ტურისტების ძირითადი ნაწილი, სავარაუდოდ, სომხეთიდან და არაბული ქვეყნებიდან იქნებიან.

რაც შეეხება წლის შეჯამებას - როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს,  2025 წელი WST-სთვის წინა წელზე უკეთესი იყო, რადგან კომპანიას 15%-იანი ზრდა აქვს.

"ახლა ორ დიდ სეზონს შორის არის წყვეტა და თოვლის მოსვლას ველოდებით, რომ ზამთრის სეზონი დავიწყოთ. ტურისტული ნაკადების ნაკლებობაა, თუმცა ამ პერიოდში  ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, დაახლოებით იგივე მაჩვენებლები გვაქვს და შესაძლოა, 3-5%-იანი ზრდაც იყოს. მთლიანად წელი, რომ შევაფასოთ - აშკარად უკეთესი წელი გამოვიდა. 

რაც შეეხება ტურისტების სეგმენტაციას - ქვეყანაში აზიური ბაზარი იზრდება. პირდაპირმა ფრენებმა გაზარდა ჩინელი ტურისტების რაოდენობა. გარდა ამისა, ბევრი ვიზიტორია ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან. მიუხედავად ამისა, გვსურს, რომ უფრო მეტად ევროპული ბაზარი გვყავდეს, რადგან აზიური მარკეტი ბევრად უფრო იაფფასიანია და ყველა კაპიკზე ვაჭრობენ. ყველა ნაკადი მნიშვნელოვანია, თუმცა აშკარად იგრძნობა, რომ დღეს ქვეყანაში უფრო მეტად არის აზიური ბაზარი.

აღსანიშნავია, რომ ტურისტების ქვეყანაში შემოსვლას ხელს უწყობს მასშტაბური კულტურული ღონისძიებები. უფრო დიდ ღონისძიებებზე და პირდაპირი ფრენებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები", -  აცხადებს გერმანე ჭელიძე.

ცნობისთვის, ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi მუშაობს როგორც შიდა, ისე გარე ტურებზე. 

წყარო: ბიზნესპარტნიორი