მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, ბავარიის დედაქალაში თითქმის ათამდე დემონსტრაცია გაიმართა. ეს, წინა წლებთან შედარებით, საპროტესტო გამოსვლების რეკორდული მაჩვენებელია.

ირანის წინააღმდეგობის საბჭოს მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიუნხენში. 2026 წლის 13 თებერვალიფოტო: მიქაელა სტაჩე / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

გარემოსდაცვითმა ჯგუფმა „გრინპისმა“ მიუნხენის ცენტრალურ მოედანზე დონალდ ტრამპის გიგანტური თოჯინები მიიტანა და აშშ-ის პოლიტიკა გააკრიტიკა, რომელიც „სუფთა ენერგიის“ გამომუშავების წინააღმდეგ არის მიმართული.

ხუთშაბათს, 12 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა პენტაგონს დაავალა, ელექტროენერგია ნახშირის თბოელექტროსადგურებისგან შეისყიდოს, რათა „სამხედრო ობიექტებისა და მნიშვნელოვანი თავდაცვითი პუნქტების უწყვეტი მომარაგება უზრუნველყონ “.

„გრინპისის“ ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, ლიზა გოლდნერი მიუნხენში გამართულ აქციაზე ევროპას ენერგოდამოუკიდებლობის აუცილებლობის მოწოდებით გამოვიდა.

„ევროპის სიძლიერე ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზეა დამოკიდებული. ევროკავშირს აშშ-დან სულ უფრო მეტი ფიქალის გაზი შემოაქვს. ეს ტრამპის ზეწოლის წინაშე მოწყვლადს გვხდის. დღეს „გრინპისი“ იმიტომ მართავს აქციას მიუნხენში, რომ ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგეტიკულ სუვერენიტეტზე ვისაუბროთ. მხოლოდ განახლებადი ენერგია შეუნარჩუნებს ევროპას დამოუკიდებლობას“, - განაცხადა გოლდნერმა, აქციაზე გამოსვლისას.

მიუნხენის სხვა მოედანზე კი, იმ სასტუმროდან 500 მეტრში, სადაც 60-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური და ასზე მეტი საგარეო და თავდაცვის მინისტრი იკრიბება, ათასმა დევნილმა ირანელმა მათ სამშობლოში პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილებების მხარდაჭერა მოითხოვა.

დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო ირანის წინააღმდეგობის საბჭო.

მათ გულმკერდზე ეკეთათ ყვითელი სტიკერები წარწერით, „არც შაჰი და არც მოლა“. ისინი არსებული რეჟიმსაც უარყოფენ და შაჰის მემკვიდრე რეზა ფეჰლევის ხელში ძალაუფლების გადასვლასაც ეწინააღმდეგებიან. ირანელ პროტესტანტებს სურთ, რომ მსოფლიო მათ, ორგანიზებული სამოქალაქო წინააღმდეგობის გზით, ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს.

მიუნხენის ოდეონის მოედანზე ასობით იმ ახალგაზრდის ფოტო იყო გამოფენილი, რომლებიც იანვრის დემონსტრაციების დროს დაიღუპნენ ან გაუჩინარდნენ. პლაკატებზე მათი სახელების ქვეშ იკითხებოდა მინაწერი: „ისინი თავისუფლებას შეეწირნენ“.

წყარო: 1  არხი