ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის (ჩყუ) რკინიგზის საერთაშორისო პროექტის მიზანი აზერბაიჯანის მიზიდვაა.

ამის შესახებ ყირგიზეთის რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, აზამატ საკიევმა განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.

მისი თქმით, „ყირგიზეთში მასშტაბური მეგაპროექტის მშენებლობა უკვე დაიწყო, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ცენტრალური აზიისთვის, ასევე, გლობალური ლოგისტიკისთვის.” კერძოდ, საკიევი ამბობს, რომ ჩყუ-ს რკინიგზა “მომავალში თურქმენეთზე, აზერბაიჯანზე, თურქეთსა და ევროპაზე გამავალ სატრანსპორტო დერეფნებთან იქნება ინტეგრირებული.”


“მარშრუტის უნიკალურობა მის სიჩქარეშია, რადგან ჩინეთიდან ევროპაში საქონლის მიწოდებას მხოლოდ შვიდი დღე დასჭირდება,” - აცახდებს ყირგიზეთის რკინიგზის ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ყირგიზული მხარე ამ მარშრუტის აზერბაიჯანში პოპულარიზაციას გეგმავს, რომ პროექტის მიმართ ქვეყნის ინტერესი მიიზიდოს.

ჩყუ-ს რკინიგზის პროექტის დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება 2030 წლისთვის იგეგმება. პირველ ეტაპზე გამტარუნარიანობა წელიწადში, დაახლოებით, 5 მლნ ტონა იქნება, რაც შემდგომში 15 მლნ ტონამდე გაიზრდება.

ამჟამად ჩინეთის კაშგარიდან ყირგიზეთის საზღვრამდე, ტორუგარტამდე მონაკვეთის მშენებლოა მიმდინარეობს, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე 180 კმ-ს, ხოლო ტორუგარტიდან ყირგიზეთის მესამე ქალაქ ჯალალ-აბადამდე 301 კმ-ს შეადგენს. უზბეკეთში ინფრასტრუქტურა უკვე მზადაა, ამიტომ დასასრულებელი მხოლოდ ყირგიზეთის მონაკვეთია, რაც 2030 წლისთვის არის დაგეგმილი.

ახალ რკინიგზას როგორც კონტეინერული, ასევე, ტვირთის ჯაჭვური გადაზიდვებისთვის გამოიყენებენ. დაგეგმილია მგზავრთა მომსახურებაც. ამასთან, ბოლო დროს ევროპაში ქვანახშირის ექსპორტის გაზრდის გამო მარშრუტზე როგორც დახურულ, ასევე, ღია, ანუ ნახევარვაგონებსაც გამოიყენებენ.

ცნობისთვის: 2024 წლის სექტემბერში ბიშკეკში ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ გამოცხადდა, რომელშიც აქციების 51% ჩინეთზე, ხოლო 24.5% სათითაოდ ყირგიზეთსა და უზბეკეთზე გადანაწილდა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 4.7 მლრდ დოლარს შეადგენს.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი