ევროპა ნელ-ნელა იკლავს თავს მწვანე ენერგიით, უგუნური მიგრაციული პოლიტიკით, თავდაცვაში ინვესტირების გარეშე, – ამის  შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, სტივენ მილერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მილერმა დონალდ ტრამპის დავოსში გაკეთებული განცხადებები „დიპლომატიის მასტერკლასად“ შეაფასა.

„ამ კვირაში დავოსში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ნახეთ მასტერკლასი, ნამდვილი, საოცარი მასტერკლასი დიპლომატიაში, სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში, ლიდერობაში. მისი კრიტიკა ევროპის მიმართ დავოსის გამოსვლაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რაც კი პრეზიდენტმა ამ კონტინენტზე გააკეთა“, – აღნიშნა მილერმა.

მისივე თქმით, ევროპა ამჟამინდელი პოლიტიკით თავს იკლავს.

„ევროპა საკუთარ ენერგეტიკაზე რეგულაციებით, მწვანე ენერგიასა და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულებით ნელ-ნელა საკუთარ თავს ანადგურებს. ევროპა საკუთარ თავს უპასუხისმგებლო მიგრაციული პოლიტიკით ანადგურებს. იგი წლების განმავლობაში საკუთარ შეიარაღებულ ძალებში ინვესტიციებს არ დებდა და საკუთარი თავდაცვის სუბსიდირებისთვის აშშ-ს იყენებდა“, – განაცხადა სტივენ მილერმა.

როგორც მილერმა აღნიშნა, მსოფლიოში ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც რუსეთი პატივს სცემს და რომლისაც ეშინია, ამერიკის შეერთებული შტატებია.

1tv.ge