ერთ-ერთი ამოცანა, რაზეც კომისია მუშაობს, არის ის, რომ ფიქსირებული ქსელი ხელმისაწვდომი გახდეს უფრო ბევრი ოპერატორისთვის საქართველოში, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ კონკურენციის ფარგლებში ფასები მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება, - აცხადებს კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე.
როგორც ეკატერინე იმედაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, საქართველოში ინტერნეტის ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობა ბაზარზე ნამდვილად არის, თუმცა ის, რომ შეთავაზება მომხმარებლისთვის ფინანსურადაც იყოს ხელმისაწვდომი, ეს მეორე საკითხია, რაზეც კომისია აქტიურად მუშაობს.
ამასთან ერთად, კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა კვლევა, რათა დაედგინა, რამდენად შეესაბამება ინტერნეტის სიჩქარე ღირებულებას, რომელსაც მომხმარებელი ოპერატორს უხდის. კვლევის ჩატარება კომისიამ მომხმარებელთა მიმართვების საფუძველზე გადაწყვიტა.
„შევარჩიეთ 50 აბონენტი, რომლებიც დათანხმდნენ, რომ 24 საათის განმავლობაში დაკვირვება მომხდარიყო მათთვის მიწოდებული ინტერნეტის ხარისხზე. კვლევა ჩატარდა საერთაშორისოდ აღიარებული ლაბორატორიული მეთოდით, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს ბრიტანეთის მარეგულირებელი. მივიღეთ ძალიან საინტერესო შედეგები: თითქმის ყველა შემთხვევაში სახლამდე კაბელით მისული ინტერნეტი იყო იმ სიჩქარის შესაბამისი, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებდა. თუმცა შემდეგ რაც ხდებოდა, ესეც ძალიან საინტერესო იყო - ყველა შემთხვევაში პრობლემას ვაი-ფაი მოწყობილობა აჩენდა. არის გარკვეული კატეგორიის მიმღებები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ადრე არსებულ მოთხოვნებს, მაგალითად, 30 მეგაბიტი წამში, მაგრამ ტექნოლოგიურად ფიქსირებული საკაბელო ინტერნეტი ოპტიკური ტექნოლოგიაა, რომელიც სიჩქარით შეუზღუდავია, ანუ შეფერხება არ არსებობს. ამდენად, როცა 50 მეგაბიტ წამს ვყიდულობთ და უფრო ძვირს ვიხდით, მიმღები მოწყობილობაც შესაბამისი თაობის უნდა იყოს. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ რამდენიმე კვირაა, შექმნა სპეციალური რესურსი: www.wifi.comcom.ge, სადაც ძალიან დეტალური ინფორმაციაა იმის შესახებ, როგორ უნდა შემოწმდეს სახლამდე მისული ინტერნეტი, დადგინდეს, როუტერის პრობლემაა, მისი მდებარეობის, რომელი თაობის როუტერის გამოყენება ხდება და ასე შემდეგ“, - აცხადებს ეკატერინე იმედაძე.