უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე შევიდეს ევროკავშირში და ფინანსური დახმარება მიიღოს.
მისი თქმით, უნგრეთი ამაზე ამბობს უარს.
ამასთან, როგორც ორბანი აღნიშნავს, უკრაინელები ახლა უნგრეთის არჩევნებშიც ერევიან.
„უკრაინელები შეტევაზე გადავიდნენ. ისინი იმუქრებიან და ღიად ერევიან უნგრეთის არჩევნებში. მათი მიზანია ფონდების მოპოვება და ევროკავშირში ძალით შესვლა, რაც შეიძლება მალე. როგორც ევროკავშირის წევრს, უნგრეთს უფლება აქვს, უარი თქვას. ჩვენი პატრიოტული მთავრობა ცალსახად ამბობს უარს. ჩვენ არ გვინდა, უნგრელი ოჯახების ფული უკრაინაში გაიგზავნოს და არ გვინდა, უნგრეთი ომში ჩაითრიოს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ შეიძლება, უნგრელებს დაემუქრონ ან დააშინონ. ჩვენ ასე არ ვართ შექმნილი. ბრიუსელთან ერთად, ჩვენ კიევსაც ვუგზავნით მკაფიო გზავნილს – ჩვენ არ გადავიხდით“, – წერს ორბანი.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 12 აპრილს არის დაგეგმილი.