იმედი მაქვს, დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მიიღებს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით შედეგს გამოიღებს, მაშინ იტალიის მთავრობა მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას მხარს დაუჭერს.
„მჯერა, რომ მას უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით გარდატეხის შეტანა შეუძლია და საბოლოოდ, ჩვენც დონალდ ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენას შევძლებთ“, - განაცხადა მელონიმ.
ასევე, მელონის ცნობით, სურს, რომ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან საბჭოს ზოგიერთი ასპექტი იტალიის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„ინიციატივის კონფიგურაციასთან დაკავშირებით ობიექტური კონსტიტუციური პრობლემები არსებობს და ვითხოვე, რომ ეს კონფიგურაცია შეიცვალოს, რათა არა მხოლოდ იტალიის, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების საჭიროებები დაკმაყოფილდეს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.