ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსულ ტექნოლოგიურ კომპანია VK-ს (ყოფილი Mail.ru Group), რომელიც მესენჯერ MAX-ის (მაქსი) განვითარებაში მონაწილეობს.
ევროკავშირის განმარტებით, სანქციების მიზეზი არის VK-ის როლი შვილობილი მესენჯერის შექმნაში, რომელიც, მათი შეფასებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებს და მასობრივი თვალთვალის შესაძლებლობებს შეიცავს.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მიღებული ზომები კრემლის რეპრესიული პოლიტიკის მხარდაჭერაში კომპანიის მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად.
„მრავალი ექსპერტის შეფასებით, აპლიკაცია MAX-ს ფართო სათვალთვალო შესაძლებლობები აქვს. VK ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს“, – აღნიშნულია ევროკავშირის განმარტებაში.