აშშ-სა და ევროკავშირის ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება ჩინეთზე 2050 წლამდე 23.6 ტრილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს. ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია EY-Parthenon-ის კვლევაზე დაყრდნობით Financial Times წერს.
ანგარიშის მიხედვით, აშშ-ს ამ მიზნის მისაღწევად 13.7 ტრილიონი დოლარის, ევროზონის ქვეყნებს 9.1 ტრილიონი დოლარის, ხოლო დიდ ბრიტანეთს 800 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დასჭირდებათ.
კვლევა ეხება ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა წარმოება და ტექნოლოგიები. საჭირო ინვესტიციები მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, კვლევითი ცენტრების, პროგრამული უზრუნველყოფის, საწარმოო სიმძლავრეებისა და მიწოდების ჯაჭვების განვითარებას.
EY-Parthenon-ის შეფასებით, აშშ-ს წლიური ინვესტიცია დაახლოებით 550 მილიარდი დოლარი იქნება, რაც თითქმის უტოლდება იმ 600 მილიარდ დოლარს, რომელიც ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა 2025 წელს მონაცემთა დამუშავების ცენტრებში (Data Centers) ჩადეს. ევროკავშირში კი საჭირო წლიური ხარჯები ბლოკის საერთო ბიუჯეტს თითქმის ორჯერ გადააჭარბებს.
Financial Times აღნიშნავს, რომ დასავლეთის დამოკიდებულება ჩინეთზე განსაკუთრებით გამოიკვეთა 2025 წელს, როდესაც პეკინმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ იმპორტზე 145%-იანი ტარიფების დაწესების მუქარის საპასუხოდ, იშვიათმიწა ლითონების ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა. შედეგად, ევროპისა და აშშ-ის ავტოინდუსტრიის საწარმოო ხაზები დროებით გაჩერების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) პროგნოზით, 2035 წლისთვის ჩინეთის წილი ლითიუმისა და კობალტის გადამუშავებაში 60%-ს გადააჭარბებს, ხოლო ბატარეებისთვის საჭირო გრაფიტისა და იშვიათმიწა ელემენტების წარმოებაში დაახლოებით 80% იქნება.
EY-Parthenon ასევე აფრთხილებს, რომ ჩინურ პროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირება დასავლეთში ფასების ზრდასა და ინფლაციის დაჩქარებას გამოიწვევს. ევროპის შემთხვევაში, კრიტიკულ სექტორებში ფასები შესაძლოა 1-2.5%-ით გაიზარდოს, ხოლო ინფლაცია ევროპის ცენტრალური ბანკისა და ინგლისის ბანკის 2%-იან სამიზნე დონეზე მაღლა დარჩეს.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ დასავლეთისთვის ყველაზე რეალისტური სცენარი ჩინეთთან „ნაწილობრივი ეკონომიკური გამიჯვნა“ იქნება, რადგან სრულად ჩანაცვლება მოკლე პერიოდში პრაქტიკულად შეუძლებელია.