რუსეთის მხრიდან სომხური პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ფონზე ევროკავშირი სომხეთის დაუყოვნებლივ დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დღეს, 4 ივნისს ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რუსეთის მხრიდან სხვადასხვა პროდუქციის იმპორტის აკრძალვის საკითხზე.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება, და ეს მიუღებელია.
„სომხურ პროდუქციაზე საექსპორტო შეზღუდვების გაფართოებით, მოსკოვი პოლიტიკური ზეწოლისთვის ეკონომიკურ ურთიერთობებს იარაღად აქცევს. ჩვენ ეს სცენარი ძალიან კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, ევროპა მტკიცედ დგას სომხეთის გვერდით“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ ამზადებს ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტს.
დახმარება მოიცავს 50 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გამოყოფას.
ფონ დერ ლაიენისვე თქმით, „ასევე იგეგმება ნაბიჯების გადადგმა ზოგიერთი სომხური პროდუქტის, კერძოდ, აგრო-სასურსათო პროდუქციის ვაჭრობის გასამარტივებლად, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერა დაზარალებული სექტორებისთვის, როგორიცაა სომხური ყვავილები“.
„10 000 ყვავილი ხვალ ლატვიაში ჩავა. მას სხვა პროდუქციაც მოჰყვება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი ბიზნესების დაკავშირებას ერევანში გამართულ ჩვენს ბოლოდროინდელ სამიტზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სომხეთს აქვს პოტენციალი, გახდეს სტრატეგიული ჰაბი, რომელიც აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას“.
„სომხეთი არის ადგილი, სადაც ნიჭი, ინოვაცია და შესაძლებლობები ერთიანდება. ევროპული ბიზნესისთვის ეს საკვანძო ადგილია. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, მე გამოვხატე ევროპის მზადყოფნა, შეასრულოს სამიტზე გაფორმებული ამბიციური „დაკავშირებადობის პარტნიორობის“ შესახებ.
თურქეთთან სავაჭრო გზების ბოლოდროინდელი გახსნა, მათ შორის სარკინიგზო კავშირი საქართველოსა და თურქეთის გავლით შესანიშნავი წინ გადადგმული ნაბიჯია. სომხეთს აქვს პოტენციალი, გახდეს სტრატეგიული ჰაბი, რომელიც აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას.
ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ინფრასტრუქტურასა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს რეგიონული კავშირების აღდგენის კვალდაკვალ.
ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ამ პრიორიტეტების წინ წაწევას 23 ივნისს, „დაკავშირებადობის პლატფორმის“ მინისტრთა შეხვედრაზე. ყველა ამ მიმართულებით ეფექტური კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირი-სომხეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ეს ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს ყველა ამ ინიციატივისა და მომავალში ნებისმიერი შემდგომი ღონისძიების განხორციელებას“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. არჩევნების წინ რუსეთი სომხეთზე ზეწოლას ახდენს. რამდენიმე კვირაა, რუსეთი ეტაპობრივად ზღუდავს ქვეყანაში სომხური პროდუქციის იმპორტს და საბაბად სათანადო სტანდარტების შეუსაბამობას ასახელებს.
მაისის შუა რიცხვებიდან რუსეთი, სავარაუდო დარღვევების საბაბით, თითქმის ყოველდღიურად აწესებს ახალ შეზღუდვებს სომხური პროდუქციის იმპორტზე.
ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყალი „ჯერმუკის“ და თევზის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გარდა, შეზღუდვები შეეხო სომხური ხილისა და ბოსტნეულის ქვეყანაში შეტანას ზუსტად იმ დროს, როდესაც საექსპორტო სეზონის პიკი იწყება. საბაბად სახელდება ის, რომ აღნიშნული პროდუქტები სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი შეზღუდვა დაწესდა ისეთ პროდუქტებზეც, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დამწიფებული და მოკრეფილი და შესაბამისად, ვერ გაივლიდა შემოწმებას, მაგალითად, გარგარი და ყურძენი.
2 ივნისს რუსეთმა აკრძალულ სომხურ პროდუქტებს ბადრიჯანი, კარტოფილი და ჩირი დაამატა. ასევე შეზღუდა ამ პროდუქტების ტრანზიტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზეს/EAEU) წევრ ქვეყნებში.
მაისის ბოლოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრმა ოთხმა ქვეყანამ სომხეთს მოუწოდა, სასწრაფოდ ჩაატარის რეფერენდუმი და გააკეთოს არჩევანი ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის. ფაშინიანი ამ მოწოდებას არ დაეთანხმა „იმ დრომდე, სანამ სომხეთი ოფიციალურად არ შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“.