„ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის მექანიზმის დროებით გაყინვის შესაძლებლობას განიხილავს.
ამჟამად მოქმედი სისტემა ყოველ ექვს თვეში ერთხელ ავტომატურად არეგულირებს ფასის ზედა ზღვარს ისე, რომ ის საბაზრო ფასზე 15%-ით დაბალი იყოს. არსებული წესის მიხედვით, რუსული Urals-ის ტიპის ნავთობის ერთი ბარელის მაქსიმალური ფასი 44,10 დოლარს შეადგენს. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობამ და ირანთან დაკავშირებულმა კონფლიქტმა ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ამ ვითარებაში ივლისში დაგეგმილი მორიგი გადახედვის შემთხვევაში ფასის ზედა ზღვარი შესაძლოა, სულ მცირე, 65 დოლარამდე გაიზარდოს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება „დიდი შვიდეულის“ მიერ თავდაპირველად განსაზღვრულ 60-დოლარიან ლიმიტს.
სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ბრიუსელი განიხილავს როგორც არსებული ზღვრის გაყინვას, ისე ავტომატური კორექტირების მექანიზმის წლის ბოლომდე შეჩერებას.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში შევიდეს, რომლის წარდგენაც ივნისის დასაწყისშია მოსალოდნელი.
ახალი სანქციები, სავარაუდოდ, შეეხება რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტსაც“, გემებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენება.