აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი შემცირდა, ხოლო რუსეთიდან გაზის შესყიდვები გაიზარდა — ამის შესახებ სემეკის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან 886 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეისყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.
მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, რუსული გაზის წილმა ქვეყნის შიდა ბაზარზე თითქმის 28%-ს მიაღწია. ამავე პერიოდში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა შემცირდა.
სემეკში აღნიშნულ ტენდენციას გაზრდილი შიდა მოხმარებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდამ დამატებითი რესურსების მოძიება საჭირო გახადა.
სემეკის მონაცემებსა და ქვეყნის გაზმომარაგების სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებებს ეროვნული ბანკის ყოფილი მმართელი რომან გოცირიძე აფასებს. მისი თქმით, არსებული ინფრასტრუქტურული და სახელშეკრულებო პირობები საქართველოს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ზრდის.
"ჩვენ რადგან გადავეცით ბაქო-თბილისი ერზერუმის მილში ჩვენი კუთვნილი სივრცე, საიდანაც შეგვეძლო 1.5 მილირდი კუბური მეტრი გაზის მიღება, აზერბაიჯანს გადავეცით და მთლიანად გადავერთეთ ძველ, საბჭოთა, ამორტიზირებულ მილზე, დღეს უკვე, ფქტობრივად, არ არის შესაძლებელი, რომ მივიღოთ მეტი გაზი და იძლებული გავხდით, მივბმოდით რუსეთს. ეს დღეს, ახლა, როდესაც შარშან მცირე რაოდენობის გაზის მიღება მაინც მოვახერხეთ ბაქო-თბილისი ერზერუმის მილსადენიდან, ვინაიდან ის ბოლომდე არ იყო შევსებული. 2026-ში, მას შემდეგ რაც გერმანიაში და ავსტრიაში დაიწყო გაზის ექსპორტი აზერბაიჯანმა და ეს მილი იქნება მთლიანად შევსებული და მიაღწევს 23 მილიან კუბო მეტრს, საქართველოსთვის იქ არაფერი დარჩება", - ამბობს რომან გოცირიძე.
რუსული გაზის წილის ზრდასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ეკონომისტ პაატა ბაირახტარსაც. მისი შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებას ის გარემოება იმსახურებს, რომ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი რუსულზე იაფია, თუმცა იმპორტის სტრუქტურაში რუსული გაზის წილი მაინც იზრდება.
"აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი უფრო იაფია, ვიდრე რუსული. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რატომ იზრდება ტენდენციურად ბოლო წლების განმავლობაში რუსული ბუნებრივი აირის წილი ჩვენს მოხმარებასა და იმპორტში. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავის ეკონომიკურ ბერკეტებს, ძირითადად, ენერგომატარებების მიმართულებით, იყენებს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ამის ძალიან ბევრი მაგალითია, დაწყებული ევროკავშირიდან, უახლესი მაგალითია სომხეთი," - ამბობს პაატა ბაირახტარი.