ევროკომისია ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გასულ წელს მიღწეული სავაჭრო შეთანხმების პირობები უნდა დაიცვას.

„ევროკომისია ითხოვს სრულ განმარტებას იმ ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმასაც შეერთებული შტატები აპირებს. ამჟამინდელი სიტუაცია ხელს არ უწყობს „სამართლიანი, დაბალანსებული და ორმხრივად სასარგებლო“ ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციების განხორციელებას, როგორც ამაზე ორივე მხარე შეთანხმდა და რაც 2025 წლის აგვისტოს ევროკავშირ-აშშ-ს ერთობლივ განცხადებაშია ასახული“, - აღნიშნულიაევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკომისია აცხადებს, რომ ყოველთვის უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინტერესების სრულად დაცვას და რომ ევროკავშირის კომპანიებსა და ექსპორტიორებს სამართლიანად უნდა მოეპყრონ.

„გარიგება გარიგებაა. როგორც შეერთებული შტატების უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, ევროკავშირი ელის, რომ აშშ შეასრულებს ერთობლივ განცხადებაში ასახულ ვალდებულებებს - ისევე, როგორც ევროკავშირი იცავს თავის ვალდებულებებს. კერძოდ, ევროკავშირის პროდუქტებმა უნდა განაგრძონ ყველაზე კონკურენტუნარიანი რეჟიმით სარგებლობა, ტარიფების ზრდა წინასწარ შეთანხმებული მკაფიო და ყოვლისმომცველი ლიმიტის მიღმა არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისია განმარტავს, რომ ტარიფები გადასახადებია, რომელიც ზრდის ხარჯებს როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის.

„არაპროგნოზირებადი გამოყენების შემთხვევაში, ტარიფები თავისთავად დესტრუქციულია, ძირს უთხრის ნდობას და სტაბილურობას გლობალურ ბაზრებზე და ქმნის დამატებით გაურკვევლობას საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებში. გავაგრძელებთ მუშაობას ტარიფების შემცირების მიმართულებით, როგორც ეს ერთობლივ განცხადებაშია გათვალისწინებული. ევროკავშირის პრიორიტეტია სტაბილური, პროგნოზირებადი ტრანსატლანტიკური სავაჭრო გარემოს შენარჩუნება, ამავდროულად, წესებზე დაფუძნებული ვაჭრობის გლობალური წამყვანის როლის შესრულება. ევროკავშირი აგრძელებს მსოფლიო მასშტაბით ყოვლისმომცველი და ამბიციური „ნულოვანი ტარიფის“ სავაჭრო შეთანხმებების ქსელის გაფართოებას და ღია, წესებზე დაფუძნებული სავაჭრო სისტემის გაძლიერების მცდელობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ ტარიფებს ყველა ქვეყნისთვის 10%-დან 15%-მდე გაზრდის. ტრამპის განცხადებას წინ უძღოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში. „განხილვის ბევრი თვის შემდეგ, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს სასაცილო, ცუდად დაწერილი და განსაკუთრებით ანტი-ამერიკული გადაწყვეტილების ყოვლისმომცველი, დეტალური და სრული გადახედვის შემდეგ, გთხოვთ, ეს განცხადება იმის დასტურად ჩათვალოთ, რომ მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, დაუყოვნებლივ გავზრდი 10%-იან გლობალურ ტარიფებს ქვეყნებისთვის, რომელთაგან ბევრი ათწლეულების განმავლობაში აშშ-ს პასუხის გარეშე „ძარცვავდა” (სანამ მე არ მოვედი!), სრულად დაშვებულ და იურიდიულად დატესტილ 15%-მდე”, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ipn.ge