პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დეკრეტული შვებულების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ კერძო სექტორში დეკრეტული შვებულების საკითხი უკეთ მოწესრიგებას საჭიროებს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტი რაისა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ პრობლემა მრავალწახნაგოვანია, რომელსაც სახელმწიფო კომპლექსურად უნდა მიუდგეს, კერძო სექტორთან კონსულტაციებში კი აუცილებელი და სავალდებულოა, ჩართული იყოს პროფესიული კავშირები.
„უნდა დაინერგოს საერთაშორისო სტანდარტები და ახალი ველოსიპედების გამოყენება სულაც არ გვჭირდება“, - აცხადებს რაისა ლიპარტელიანი.
მისი განცხადებით, შრომის რეფორმის ყველა ეტაპის ფარგლებში ცვლილებები შეეხო, მათ შორის, ქალთა უფლებებს, გენდერული თანასწორობის საკითხებს, ასევე, დეკრეტული შვილების თემას, სხვადასხვა პერიოდში გახანგრძლივდა მისი ოდენობა, მათ შორის, ანაზღაურების თვალსაზრისით, თუმცა დღეს არსებული მდგომარეობა არ არის საკმარისი, რომ ადამიანების ბაზისური უფლებები დაცული იყოს. პირველ რიგში ის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ნაწილს გულისხმობს.
„ჩვენი კანონმდებლობით, თუ დასაქმებული არ არის საჯარო მოხელე ან საჯარო სკოლის პედაგოგი, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ფარგლებში სახელმწიფოსგან იღებს მაქსიმალურ ანაზღაურებას - 2 ათას ლარს, კერძო სექტორს კი არანაირი ვალდებულება არ აქვს, დასაქმებულს რამე აუნაზღაუროს. ეს 2 ათასი ლარი საშუალო ხელფასის 17% არ გამოდის. ქალები იძულებულები არიან, შვილის გაჩენის შემთხვევაში საერთოდ უარი თქვან სამსახურზე და საერთოდ ეთიშებიან შრომის ბაზარს. მეორე პრობლემაა, რომ გვექმნება ძალიან ცუდი დემოგრაფიული მდგომარეობა - ოჯახებს უწევთ უარი თქვან შვილის გაჩენაზე, რადგან ფინანსურად ეს ძალიან მაღალი ტვირთია. წლების მანძილზე ჩვენი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ დეკრეტული შვებულების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს და ადამიანი, რომელიც ამით სარგებლობს, ჩვენს ქვეყანაში კი ესენი ძირითადად ქალები არიან, შვილის ყოლის გამო ფინანსურად არ უნდა ზარალდებოდეს“, - აღნიშნავს რაისა ლიპარტელიანი.
რაისა ლიპარტელიანი მიიჩნევს, რომ დეკრეტული შვებულების ანაზღაურება მთლიანად კერძო სექტორის ტვირთი, არ უნდა იყოს და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გადამწყვეტი ფუნქცია აკისრია.
„დემოგრაფია ისეთი საკითხია, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მოაგვაროს. ამის გადაწყვეტის ერთ-ერთი ეფექტიანი ზრდა არის სწორედ დეკრეტული შვებულების პოლიტიკის შეცვლა. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ეფექტიანი პროგრამები ოჯახების მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის“, - ამბობს რაისა ლიპარტელიანი.