Bright Future Georgia - ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, ხარისხიან განათლებასთან წვდომა ჰქონდეს თითოეულ ბავშვს.

როდის დაფუძნდა, რა იდეის გარშემო შეიკრიბნენ ახალგაზრდები და კონკრეტულად რა მიზნები აქვს ორგანიზაციას, „რადიო კომერსანტის“ ეთერში Bright Future Georgia-ს დამფუძნებელმა ნინია თავაძე ისაუბრა.

როგორც ნინია თავაძე განმარტავს, ორგანიზაცია გასული წლის სექტემბერში დაარსდა და ის მოსწავლეებს მათემატიკის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს. კურსებს კომაროვის სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები უძღვებიან.

რაც შეეხება ორგანიზაციის დაფუძნების იდეას, ნინია თავაძე აღნიშნავს, რომ მათემატიკა ხშირად ნეგატიურ ემოციებთან ასოცირდება და საჭიროა ამ მცდარი შეხედულების შეცვლა.

„მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, განათლების გზაზე ერთმანეთს ხელი შევუწყოთ, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ახალი რესურსი, რომელიც მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება“, - აცხადებს ნინია თავაძე.

ამ ეტაპზე კურსები მომზადებულია მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასელებისთვის. პროგრამა მორგებულია, ძირითადად, სასკოლო მასალაზე, თუმცა იმისთვის, რომ კურსი უფრო საინტერესო იყოს, დამატებულია კლასგარეშე მასალაც. კურსის ხანგრძლივობა 4 თვეა, ხოლო მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ, ონლაინ რეჟიმში ტარდება. გარდა ამისა, კურსებს გადიან აბიტურიენტებიც და ამ შემთხვევაშიც, ხანგრძლივობა 4 თვე გახლავთ.

Bright Future Georgia-ს პირველი და საწყისი შეთავაზება იყო მათემატიკის ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებელი 8-თვიანი პროგრამა, რომელშიც უამრავი აბიტურიენტია ჩართული. პროგრამა მოიცავს სრულ თემატურ მასალას, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამაში შედის.

„ერთადერთი პირობა, რასაც ვითხოვთ მოსწავლეებისგან ნებისმიერ კურსზე ჩართვის შემთხვევაში, ეს არის დასწრება. დასწრება კონტროლდება იმისთვის, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობა ხარისხიანი იყოს. იგივე კრიტერიუმებია აბიტურიენტების შემთხვევაშიც“, - ამბობს ნინია თავაძე.

როგორც აღვნიშნეთ, იდეის გარშემო შეკრებილები არიან კომაროვის სკოლის წარჩინებული მოსწავლეები, ხოლო აბიტურიენტების კურსს უძღვებიან კომაროველები, რომელთაც მათემატიკაში საერთაშორისო დონის წარმატებებს მიაღწიეს.

ახლო მომავალში Bright Future Georgia მათემატიკის გაძლიერებული კურსის დამატებასაც აპირებს, რისი მიზეზიც მოსწავლეებისგან წამოსული ძალიან დიდი ინტერესი გახლავთ. ასევე, დაგეგმილია ფიზიკის კურსების დამატებაც.