ე.წ. შათდაუნის გამო აშშ-ში 27 ოქტომბერს 7000-მდე ავიარეისი გადაიდო. ერთი კვირით ადრე კი გადადებულმა ავიარეისებმა 8 800-ს გადააჭარბა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ პერსონალის ნაკლებობას განიცდის. 

მას შემდეგ, რაც ბიუჯეტზე შეუთანხმებლობის გამო 1-ლი ოქტომბრიდან აშშ-ის ფედერალურ უწყებებს დაფინანსება შეუჩერდათ, დაახლოებით 13 ათას დისპეტჩერს და სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციის 50 ათასს თანამშრომელს უხელფასოდ მუშაობა უწევთ.

აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, 26 ოქტომბერს გადადებული ავიარეისების 44% ავიადისპეტჩერების ნაკლებობამ გამოიწვია.

27 ოქტომბერს ავიადისპეტჩერებს კლივლენდში ტრანსპორტის მდივანი შონ დაფი შეხვდა. დღეს კი რამდენიმე აეროპორტში დისპეტჩერების ეროვნული ასოციაციის პროფკავშირი აქციებს გეგმავს, რადგან ავიადისპეტჩერებს ხელფასის აღების დღე აქვთ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი 1-ლი ოქტომბრიდან გამოცხადდა, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.