უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთს შესაძლოა თვეში მინიმუმ 5 მილიარდი დოლარი დაუჯდეს. LIGA.net-ის კორესპონდენტის ცნობით, მან ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ეს სანქციები მათ სარგებელს მინიმუმ 5 მილიარდი დოლარით შეამცირებს თვეში. ეს ჩვენი ციფრები არ არის; ჩვენმა დაზვერვამ ისინი ჯერ არ დაადასტურა. ეს არის ის, რაც მე მივიღე ჩვენი პარტნიორებისგან. ვფიქრობ, ერთ თვეში გვექნება მკაფიო წარმოდგენა, როგორც კი ყველა მონაცემი გადამოწმდება და დადასტურდება დაზვერვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ ამ სანქციების ეფექტურობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ „რუსები, მაგალითად, ამხანაგ დმიტრიევის სახით, გაგიჟდებიან და ამბობენ, რომ ეს სანქციები საერთოდ არ იმუშავებს“.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ სანქციების ეფექტის გასაძლიერებლად, საჭიროა მუშაობა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგაც.
„ძალიან მნიშვნელოვანია ფრანგების მაგალითი როცა მათ დაიწყეს სანავთობო ტანკერების გაჩერება. რატომაა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ საჭიროა ყურადღების მიქცევა ეკიპაჟზე. ისინი ფიზიკურად უნდა დასანქცირდნენ. ასევე საჭიროა ყურადღების მიქცევა იმაზე, რომ ტანკერი მიდის სხვა მარშრუტით. სანქციებმა ისე უნდა იმოქმედონ, რომ ფიზიკურად გაჩერდეს ნავთობის ყველა ეს ტრანსპორტირება,“ - თქვა ზელენსკიმ.