ესპანეთში კლიმატური თავშესაფრების ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქსელი შეიქმნა, სადაც ადამიანებს ექსტრემალური სიცხისგან დაცვა შეუძლიათ.

ესპანეთმა შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქსელი კლიმატური თავშესაფრებისა, სადაც მოსახლეობასა და ტურისტებს ექსტრემალური სიცხის დროს შესვლა და გაგრილება შეუძლიათ.

კლიმატური თავშესაფრები არის საჯარო სივრცეები, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, სპორტული ცენტრები და სავაჭრო ობიექტები. ისინი აღჭურვილია კონდიციონერებით, ხოლო შიგნით ადამიანებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ წყალი და დაისვენონ.

პირველ რიგში, ასეთი სივრცეები განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისზეც სიცხე განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს. მათ შორის არიან ხანდაზმულები, მცირეწლოვანი ბავშვები და ადამიანები, რომლებსაც გულის ან სხვა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. თუმცა კლიმატური თავშესაფრების კარი ღიაა ტურისტებისთვისაც.

ბარსელონამ ამ მიმართულებით სხვა ესპანურ ქალაქებზე უფრო შორს წავიდა. ქალაქი უკვე ავითარებს ე.წ. „მიკროსადგურების“ ქსელს კლიმატურ თავშესაფრებამდე მისასვლელ გზაზე, რადგან ძლიერი სიცხის დროს ხანგრძლივი გადაადგილებაც კი შეიძლება საშიში გახდეს. ასეთი მიკროსადგურებია აფთიაქები, პატარა მაღაზიები და ადგილობრივი ორგანიზაციები. როგორც წესი, ისინი ერთმანეთისგან დაახლოებით 10 წუთის სავალზეა განთავსებული.

ესპანეთმა კლიმატური თავშესაფრების სახელმწიფო სისტემის შექმნის გადაწყვეტილება გასული წლის რეკორდულად ცხელი ზაფხულის შემდეგ მიიღო. მაშინ აგვისტოში 16 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა ჯანმრთელობისთვის საშიში ტემპერატურა, რომელიც 45°C-ს აღწევდა.

მანამდე მსგავსი სივრცეები უკვე მოქმედებდა ესპანეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კატალონიაში, ბასკეთში და მურსიაში.

თუ ექსტრემალური სიცხის პერიოდები უფრო ხშირი გახდება, კლიმატური თავშესაფრები შესაძლოა ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც ნორმად იქცეს. მაგალითად, ივნისში ბუქარესტის მერიამაც დაამტკიცა მსგავსი ქსელის შექმნა.

კლიმატის ცვლილების ფონზე ასეთი სივრცეები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან სიცხე მხოლოდ დისკომფორტი აღარ არის. ის პირდაპირი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც ასფალტი, ბეტონი და შენობები ჰაერის ტემპერატურას კიდევ უფრო ზრდის.