შესაძლოა, დამწერლობა მესოპოტამიაში შუმერული ლურსმული დამწერლობის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე გაჩნდა, – ევროპაში ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში, – ამაზე მიუთითებს ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) მეცნიერების მიერ ნაპოვნი დაახლოებით 40 ათასი წლის წინანდელი არტეფაქტები დაშიფრული ინფორმაციით – ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

აღმოჩენა ეხება კრომანიონების კუთვნილ მამონტის სპილოს ძვლისგან დამზადებულ ფიგურებსა და იარაღებს, რომლებიც სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის შვაბიური ალბის რეგიონში, გამოქვაბულებში აღმოაჩინეს. მათზე დატანილი იყო წერტილები, ხაზები და ჯვრები, რომლებიც განმეორებადი თანმიმდევრობით იყო განლაგებული. ამ შაბლონებმა მკვლევრებს მორზეს ანბანი გაახსენა, სადაც შეტყობინებები მარტივი ელემენტებისგან - წერტილებისა და ტირეებისგან - იქმნება. 

როგორც კომპიუტერულმა ანალიზმა აჩვენა, ნაჭრები სინამდვილეში ორნამენტული ელემენტები არ იყო, არამედ ინფორმაციას ატარებდა. ასეთი განმეორებადი სტრუქტურები არ არის დამახასიათებელი სასაუბრო ენისთვის, მაგრამ ტიპიურია მონაცემთა კოდირების სისტემებისთვის.