„გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი, ირაკლი ტყებუჩავა, მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის „ხუდონჰესის“ განხორციელების პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განმარტებით, სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ტარიფების სტაბილურობის გარანტიაა.
ტყებუჩავას თქმით, „ხუდონჰესის“, „ნამახვანჰესის“ და „ნენსკრაჰესის“ ტიპის ობიექტების მთავარი ფუნქცია ძვირად ღირებული იმპორტის ჩანაცვლებაა.
“ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი. ვინაიდან, იმპორტის შემთხვევაში პიკურ ელექტროენერგიას ვყიდულობთ მაშინ, როცა მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგია ყველაზე ძვირია. ამ ტიპის რისკებს არეგულირებს და ამცირებს „ხუდონის“, „ნამახვანის“ და „ნენსკრას“ ტიპის ობიექტები, რომელიც უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ პიკში არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ძვირად ღირებული იმპორტი ჩაანაცვლოს. ესეც ტარიფზე მომავალში დადებითად აისახება.
ბოლო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მხარდაჭერის მიმართულებით. ასევე ვფიქრობ, რომ ასეთი სტრატეგიული ობიექტები მაინც სახელმწიფოს გავლენის და კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, იმისთვის, რომ რისკები დაარეგულიროს. სახელმწიფოს როლი აუცილებლად უნდა იყოს, როგორც ერთ-ერთი მაკონტროლებელი და გადაწყვეტილების მიმღები ამ პროექტში”, - ამბობს "გროს ენერჯი ჯგუფის" ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა.