ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც ადამიანებმა ბოლოს გაიარეს მთვარეზე. თუმცა, სულ მალე, ადამიანი იქ კვლავ დაბრუნდება.

პირველ აპრილს, NASA მთვარისკენ გაუშვებს ხომალდს, რომელშიც ოთხი ასტრონავტი იჯდება. მისია ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია შემდეგი მისიებისთვის, რადგან ხომალდი არ დაჯდება მთვარის ზედაპირზე — ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე იმოძრავებენ ათი დღის განმავლობაში, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდებიან.

NASA-ს ამბიციური პროგრამა Artemis-ის მიზანია მთვარეზე პირველი კოსმოსური სადგურის მშენებლობა, რომლის წყალობითაც, მთვარეს ისე შევისწავლით, როგორც აქამდე არასდროს. ამას გარდა, ეს ერთგვარი ტრამპლინი იქნება მარსისკენ მიმავალ გზაზე.

ნილ არმსტრონგის სახელგანთქმული სიტყვები „ეს პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის“, მსოფლიომ 1969 წლის ივლისში მოისმინა. ამ მომენტით, მან სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში, რადგან გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა.

NASA-ს პროგრამა Apollo-მ მისია წარმატებით შეასრულა — ადამიანები მთვარის ზედაპირზე ჩაიყვანა. ასევე ააგორა კოსმოსის კვლევის ენთუზიაზმის ტალღა და მთელი თაობა შთააგონა მეცნიერებით.

ამჯერად, NASA-ს იმედი აქვს, რომ კიდევ ერთ თაობას შთააგონებს მთვარის ახალი პროგრამით, სახელად Artemis-ი.

პროგრამას სახელი ეწოდა ნადირობის, ველური ბუნებისა და მთვარის ძველბერძნული ქალღმერთის, არტემიდას მიხედვით. ბერძნულ მითოლოგიაში არტემიდა აპოლონის ტყუპისცალი და იყო. მიუხედავად ამისა, ახალი პროგრამა სულაც არ არის წინას ასლი.

მთვარის პირველი კოსმოსური სადგურის აშენებით, ის ახალ ეტაპს დაუდებს დასაბამს. შესაძლებელი გახდება მთვარის გრძელვადიანი კვლევები და შეიძლება გახდეს ნაბიჯი იმ დიდი დღისკენ, როცა ადამიანები მარსზე გაემგზავრებიან. ამას გარდა, მისია მთვარეზე პირველად ჩაიყვანს ქალს და ფერადკანიან ადამიანს.

პირველი დაშვებები მთვარეზე

აშშ-მა აპოლოს პროგრამა 1960-იან წლებში დაიწყო — მიზანი იყო გამხდარიყო პირველი ქვეყანა, რომელიც ადამიანებს მთვარეზე ჩაიყვანდა და უკან, დედამიწაზე დააბრუნებდა.

ძირითადი მოტივატორი იყო საბჭოთა კავშირისთვის კოსმოსური რბოლის მოგება. თუმცა, მისიამ დიდად განავრცო ჩვენი ცოდნა უახლოესი პლანეტური სხეულის შესახებ.

საერთო ჯამში, მთვარეზე ექვსი მისია დაეშვა წარმატებით — 1969 წელს Apollo 11-ით დაწყებული, 1972 წლის დეკემბერში Apollo 17-ით დამთავრებული.

ამ მისიებმა დედამიწაზე ჩამოიტანა ჯამში 282 კგ მთვარის გრუნტი. აშშ-ის მხრიდან კარგი ჟესტის სახით, ნიმუშები მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ აპოლოს ბოლო მისიიდან 50 წელიწადზე მეტი გავიდა, მეცნიერები ამ მისიების მიერ ჩამოტანილი ნიმუშებიდან დღემდე ბევრ რამეს სწავლობენ.

„ამ ნიმუშებმა შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მთვარისა და მზის სისტემის შესახებ. ბევრი რამ გავიგეთ მთვარეზე არსებული ქანების ტიპების შესახებ; შევიტყვეთ ისიც, რომ იქ თხევადი წყალია. ვინაიდან ქანები ზედმეტად ძველია, ბევრი რამ დავადგინეთ მთვარის წარმოქმნის შესახებაც და ამ ნიმუშებით, დღემდე ვიღებთ ახალ ცნობებს“, — ამბობს პლანეტური მეცნიერი, პროფესორი სარა რასელი.

რატომ ვბრუნდებით მთვარეზე

მიუხედავად იმ ცოდნისა, რაც Apollo-ს მისიებიდან მივიღეთ, მთვარის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. უფრო მეტიც, მთვარეს შეუძლია ბევრი რამ გვითხრას ჩვენი პლანეტის შესახებ. ამინდის სისტემის გამო, დედამიწაზე ეროზია ძლიერ სწრაფად მიმდინარეობს, რის გამოც იშვიათად ვპოულობთ ქანებს, რომლებიც მზის სისტემის ადრეულ დღეებს ეკუთვნის.

მთვარეზე ეროზია ძალიან სუსტია. მისი ქანები დაახლოებით 4,5 მილიარდი წლისაა და წარმოადგენს დროის კაფსულას, რომელიც მთვარისა და დედამიწის წარმოქმნის ამბავს ინახავს.

„თუ გსურს, დედამიწა შეისწავლო, სინამდვილეში, ამის კარგი ადგილია მთვარე. ვინაიდან დედამიწა და მთვარე ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, რაც მოხდა მთვარეზე, სავარაუდოდ მოხდა დედამიწაზეც. თუმცა, ჩვენთან არსებული ეროზიის დონის გამო, ბევრი რამ ჯერ არ ვიცით და ამის თქმა მთვარეს შეუძლია ჩვენი პლანეტის შესახებ. აპოლოს მისიებმა მხოლოდ რამდენიმე ადგილი შეისწავლა ეკვატორის სიახლოვეს, მთვარის ჩვენკენ მოქცეულ მხარეს. ჯერ ბევრი რამ არ ვიცით მთვარის „ბნელი მხარის“ და პოლარული რეგიონების შესახებ“, — განმარტავს სარა რასელი.

სად დაეშვებიან Artemis-ის ასტრონავტები

Artemis-ის პროგრამა მთვარის სამხრეთ პოლუსს შეისწავლის.

სამხრეთი პოლუსი გაცილებით ცივია და შესაბამისად, დიდია შანსი, რომ იქ გაყინული წყალი იპოვონ. ასევე ახლოსაა აიტკენის აუზი. ამ დარტყმითი კრატერის დიამეტრი 2500 კილომეტრია და უდიდესია მზის სისტემაში. კრატერი ღრმად ჩადის მთვარის ქერქში, მანტიამდე.

აიტკენის აუზი იმდენად ღრმაა, რომ მოშიშვლებულია სხვადასხვა სახის ქანების შრეები, რომლებიც ბრწყინვალე ქრონოლოგიას გვაძლევს მთვარის წარმოქმნისა და დროთა განმავლობაში ცვლილებების შესახებ.

Artemis I — უპილოტო სატესტო ფრენა

Artemis-ის პირველი მისია, Artemis I 2022 წლის ნოემბერში გაეშვა. მიზანი მნიშვნელოვანი აღჭურვილობის დატესტვა იყო, როგორიცაა კაფსულა ორიონი, რომელმაც ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე უნდა გაიყვანოს და შემდეგ დედამიწაზე ჩამოიყვანოს.

ორიონი NASA-ს შემდეგი თაობის კოსმოსური ხომალდია, რომელიც ღრმა კოსმოსის მისიებისთვისაა განკუთვნილი. შეუძლია ოთხი ასტრონავტის გადაყვანა, ანუ ოდნავ დიდია, ვიდრე აპოლოს მისიებში გამოყენებული კაფსულა, რომელშიც ეკიპაჟის სამი წევრი ეტეოდა. Artemis I-ის გაშვებისას, კაფსულაში სამი მანეკენი იჯდა. ერთ მანეკენს ეცვა სენსორებით აღჭურვილი ჟილეტი, რომელიც განსაზღვრავდა მზის რადიაციის დონეებს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკია ასტრონავტებისთვის კოსმოსში მოგზაურობისას.

კაფსულა კოსმოსში Space Launch System-ზე (SLS) მიმაგრებული გაუშვეს. SLS მსოფლიოში უმძლავრესი მეგარაკეტაა, რომელსაც შეუძლია ატაროს ორიონი, ასტრონავტები და ტვირთი მთვარეზე ერთი მისიის ფარგლებში.

მისია Artemis I წარმატებული იყო. უპილოტო კაფსულამ მთვარეს ახლოს გაუფრინა და 2022 წლის დეკემბერში დედამიწაზე დაბრუნდა. 25-დღიანი მისიისას, მან ჯამში დაახლოებით 2,3 კილომეტრი იფრინა.

Artemis II — ეკიპაჟიანი ფრენა მთვარის გარშემო

შემდეგი მისია, Artemis II, 2026 წლის პირველ აპრილს გაეშვება და ორიონის კაფსულაში მყოფ ასტრონავტებთან ერთად პირველი სატესტო ფრენა იქნება.

10-დღიანი მისიისას, ეკიპაჟი შეაფასებს ხომალდის სისტემებს და პრაქტიკაში გამოდის საგანგებო სიტუაციების პროცედურებს. ასტრონავტებს კოსმოსში SLS გაიყვანს და დედამიწას ორჯერ შემოუვლის ორბიტაზე, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ორიონი ისე მუშაობს, როგორც დაგეგმილი იყო. ამ დროს დაიტესტება საკომუნიკაციო და სანავიგაციო სისტემები, ასევე ისეთი სასიცოცხლო სისტემები, რომლებიც მაგალითად, სასუნთქ ჰაერს გამოიმუშავებს. ამის შემდეგ, კაფსულა მთვარისკენ აიღებს ტრაექტორიას.

ორიონი დაახლოებით 7500 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება მთვარის ე. წ. ბნელ მხარეს (მხარე, რომელიც დედამიწიდან არ ჩანს), შემდეგ კი ბუნებრივად უკან მოქაჩავს დედამიწის გრავიტაცია.

Artemis III — მთვარეზე დაშვება

თუ მეორე სატესტო მისიაში ყველაფერი კარგად წავიდა, Artemis III ისტორიული მისია იქნება — მთვარის სამხრეთ პოლუსზე პირველად ჩაიყვანს ადამიანებს.

Artemis II-ის მსგავსად, კაფსულა ორიონში ოთხი ასტრონავტი იჯდება. ამჯერად, ხომალდს მთვარის ორბიტაზე SpaceX-ის რაკეტა Starship-ი გაიყვანს. მათგან ორ ასტრონავტს Starship-ი მთვარის ზედაპირზე ჩაიყვანს.

დაშვების შემდეგ, ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დაახლოებით ერთ კვირას გაატარებენ — დაკავდებიან სამეცნიერო სამუშაოთი Starship-ის შიგნით. მთვარეზე გასვლების დროს, ისინი შეაგროვებენ გრუნტის ნიმუშებს, აღწერენ გეოლოგიას და გადაიღებენ ფოტო-ვიდეომასალას.

მას შემდეგ, რაც ამ ამოცანებს შეასრულებენ, Starship-ი მთვარიდან აფრინდება და ისინი ორბიტაზე, კაფსულა ორიონზე მყოფ ასტრონავტებს შეუერთდებიან.ორბიტაზე ისინი ხუთ დღეს გაატარებენ, შეგროვებულ ნიმუშებს Starship-დან გადაიტანენ ორიონში. ამის შემდეგ დაიწყება სვლა დედამიწისკენ.

სრული მისია დაახლოებით 30 დღეს გაგრძელდება და ამჟამინდელი გეგმის თანახმად, 2027 წელს განხორციელდება.

Artemis IV — მთვარის კოსმოსური სადგურის მშენებლობა

პროგრამის შემდეგი ფაზა კიდევ უფრო კომპლექსურია, მაგრამ იძლევა მთვარის გრძელვადიანი კვლევის საშუალებას. გულისხმობს მთვარის პირველი კოსმოსური სადგურის მშენებლობას, რომელსაც „კარიბჭე“ ერქმევა.

დაახლოებით ისე, როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მოძრაობს, „კარიბჭე“ მთვარის ორბიტაზე იმოძრავებს. აღჭურვილი იქნება სამეცნიერო ინსტრუმენტებით, რომლებიც მრავალ რამეს შეისწავლის, მათ შორის მზეს და ადამიანის ჯანმრთელობას. ამას გარდა, ექნება დოკ სადგური, რომელშიც ადამიანებს შეეძლებათ ცხოვრება, მუშაობა და მთვარის ზედაპირზე დაშვებისთვის მომზადება.

კოსმოსური სადგურის მოდულები ამჟამად შენდება და მთვარის ორბიტაზე მათ SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy გაიტანს. მთვარის ორბიტამდე მისაღწევად, ამ ხომალდს ერთი წელი დასჭირდება.

მას შემდეგ, რაც კარიბჭე დანიშნულების ადგილზე განთავსდება, Artemis IV-ის ეკიპაჟი ფლორიდიდან, NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდება განახლებული SLS რაკეტით. ეს დიდი რაკეტა ასტრონავტებსა და დამატებით ტვირთს კაფსულა ორიონით წაიყვანს.

ეკიპაჟი წაიღებს ელემენტს, რომელიც კიდევ უფრო გააფართოებს სადგურ „კარიბჭის“ საცხოვრებელ ზონას. მათ შორის იქნება სისტემები, რომლებიც ასტრონომებს ამ სადგურზე უფრო დიდხანს დარჩენის საშუალებას მისცემს.

ასტრონავტები კარიბჭეში რამდენიმე დღით დარჩებიან და იქაურობას შეამოწმებენ. ამის შემდეგ, ეკიპაჟის ორი წევრი SpaceX-ის Starship-ით მთვარის ზედაპირზე დაეშვება, რამდენჯერმე გავლენ გარეთ და აიღებენ ნიმუშებს, გაშლიან ინსტრუმენტებს და შეასრულებს საველე გეოლოგიურ სამუშაოებს.

ექსპერიმენტების დასრულების შემდეგ, Artemis IV-ის მთელი ეკიპაჟი უკან სადგურ კარიბჭეს დატოვებს და დედამიწაზე დაბრუნდება კაფსულა ორიონით.

კოსმოსის კვლევის მომავალი

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კოსმოსური სადგურის მშენებლობა პროგრამა Artemis-ის საეტაპო მომენტი იქნება, სულაც არ იქნება მისიის დასასრული. არსებობს გეგმები მთვარეზე ადამიანთა გრძელვადიანი ყოფნის შესახებ, რაც გზას უხსნის მზის სისტემის სამომავლო კვლევებს. ის შეიძლება წითელ პლანეტაზე მიმავალი გზის ტრამპლინადაც გამოდგეს.

მარსი დღეს სიცოცხლისთვის არც ისე ხელსაყრელია, მაგრამ მეცნიერთა აზრით, წარსულში ის ასეთი ნამდვილად უნდა ყოფილიყო. ყველაფერი, რაც დღეს მარსის შესახებ ვიცით, ეფუძნება ადგილზე არსებულ სტაციონარული ზონდებისა დისტანციურად მართვადი მავალების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. თუმცა, ადგილზე მყოფი ასტრონავტები ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, რომლებიც ეჭვგარეშეა, მრავალ ახალ სამეცნიერო აღმოჩენას მოგვიტანს.

წყარო: პირველი არხი