უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კიევში გამართულ შეთანხმდნენ, რომ იმუშაონ დოკუმენტზე, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

„ჩვენი დიალოგის შინაარსი ყველა დღევანდელ საკითხზე შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენს სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტის გაფორმებისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ყველა ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სარკისებურ მიდგომაზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან დააახლოვა.

„გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, გვინდა ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან თანამშრომლობის გლობალური შეთანხმებას, ისეთივეს, რაც უნგრეთის სხვა მეზობლებთან გვაქვს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

გარდა ამისა, ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე აპირებს, დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.

„ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს უკრაინას და უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში დაგეხმარებით ყველაფერში, რაშიც შევძლებთ“, - დასძინა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.