ჩვენი ყველაზე დიდი დათმობა ის არის, რომ ვლადიმერ პუტინი ციხეში არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მსოფლიო რუსეთთან დაკავშირებით ყველაზე დიდ კომპრომისზე უკვე წავიდა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა თავისუფლები რჩებიან. ამასთან, მისივე თქმით, შეერთებული შტატებისა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან რუსეთთან კომპრომისის აუცილებლობის შესახებ სიგნალებს იღებს.
„ამერიკული მხრიდან, პრეზიდენტ ტრამპისგან, მოდის სიგნალები, რომ ახლა კომპრომისის დროა, რომ შესაძლებელია რამდენიმე ნაბიჯის წინ გადადგმა. ჩვენ ბევრ კომპრომისზე წავედით. პუტინი და მისი მეგობრები ციხეში არ სხედან. ეს არის ყველაზე დიდი კომპრომისი, რაზეც მსოფლიო ოდესმე წასულა“, – განაცხადა ზელენსკიმ „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტი იხსენებს, რომ ტრამპმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტა და ომის დროებითი გაყინვა შესთავაზა და აღნიშნავს, რომ უკრაინა ცეცხლის უპირობო შეწყვეტას დათანხმდა, რუსეთმა კი ამაზე უარი განაცხადა.
მისივე თქმით, ასე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტზე რეალური ზეწოლა არ განხორციელდება.
„რა თქმა უნდა, ის უარს იტყვის… დღეს ერთი მიზეზია, ხვალ მეორე და ა.შ. ჩვენ მასზე ზეწოლა გვჭირდება… პუტინი ამ ომს დაასრულებს, თუ მასზე რეალური ზეწოლა განხორციელდება“, – აცხადებს ზელენსკი.