უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ აქვთ ფაქტები, რომ ჩინეთი აწვდის იარაღს რუსეთის ფედერაციას.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურიდან, დაზვერვიდან, ტყვია-წამლის, არტილერიის შესახებ”, – განმარტავს ზელენსკი.
მისივე თქმით, ომის დროს ის ესაუბრა ჩინეთის ლიდერს და მიიღო პირობა, რომ ასე არ მოხდებოდა, თუმცა, „ახლა ჩვენ ვხედავთ განსხვავებულ ინფორმაციას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვაქვს ფაქტები ჩინეთისა და რუსეთის ამ თანამშრომლობის შესახებ და ეს ცუდი ფაქტებია”.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისას კვლავ მიუღებელია უკრაინის ტერიტორიების დათმობა.
„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას, უკრაინის მიწებს, როგორც რუსეთის მიწებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრალდებას გამოეხმაურა და რუსეთ-უკრაინის ომის რომელიმე მხარისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება უარყო.
„ჩინურ მხარეს არასდროს მიუწოდებია ლეტალური იარაღი კონფლიქტში მონაწილე არცერთი მხარისთვის და მკაცრად აკონტროლებს ორმაგი დანიშნულების პროდუქტებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა.
მისი თქმით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პეკინის პოზიცია თანმიმდევრული და ნათელია.
„ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვცდილობდით საომარი მოქმედებების შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის. ზელენსკიმ დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბროს.
უკრაინამ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს აწვდის, სამ ჩინურ კომპანიას სანქციები დაუწესა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, სანქცირებული სუბიექტების განახლებული სია გამოაქვეყნა, სადაც ჩინეთში რეგისტრირებულად მოხსენიებული კომპანიებია დამატებული. კერძოდ, Beijing Aviation And Aerospace Xianghui Technology Co. Ltd, Rui Jin Machinery Co. Ltd და Zhongfu Shenying Carbon Fiber Xining Co. Ltd. უკრაინას არ დაუკონკრეტებია თუ რატომ დაემატნენ აღნიშნული კომპანიები სანქცირებულთა სიას.