ავიაკომპანია China Southern Airlines-მა ურუმჩის ტიანშანის საერთაშორისო აეროპორტში (Urumqi Tianshan International Airport) სატვირთო ობიექტებისა და თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და კაპიტალური რემონტის (MRO) ბაზის მშენებლობა დაიწყო. პროექტის პირველი ფაზის ინვესტიცია 1.6 მილიარდ იუანს (დაახლოებით 234 მილიონ აშშ დოლარს) აჭარბებს, ხოლო მისი დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.
პროექტის მთავარი ნაწილი იქნება თვითმფრინავების მომსახურების ანგარი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში უდიდესი სამოქალაქო საავიაციო ანგარი გახდება. 66 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ნაგებობა გათვლილია ერთდროულად ერთი ფართოფიუზელაჟიანი და ხუთი ვიწროფიუზელაჟიანი ხომალდის მისაღებად. ეს ინფრასტრუქტურა ურუმჩის საერთაშორისო საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბების სტრატეგიის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს ცენტრალური და დასავლეთ აზიის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების ათვისებას.
პარალელურად, ფართოვდება სატვირთო ტერმინალიც, რაშიც 408 მილიონი იუანი დაიხარჯება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, China Southern-ის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა სინძიანის რეგიონში 152 000 ტონას გადააჭარბებს. ახალი ობიექტი აღიჭურვება ჭკვიანი ოპერაციული სისტემებით და მოიცავს სპეციალურ საბაჟო ზონებს მალფუჭებადი პროდუქტების, მათ შორის ხორცისა და ზღვის პროდუქტების დასამუშავებლად.
ურუმჩის აეროპორტის ეს ტრანსფორმაცია პირდაპირ კავშირშია ელექტრონული კომერციის ბუმთან და „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასთან. 2025 წელს ურუმჩი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდ სატვირთო ჰაბად დასახელდა, სადაც გამავალი ტვირთების მოცულობა წლიურად 715%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონი უკვე სთავაზობს საერთაშორისო სერვისებს უცხოურ კომპანიებსაც — მაგალითად, 2025 წლის ივნისში China Southern-მა ურუმჩიში ქართული ავიაკომპანია Camex Airlines-ის კუთვნილ Boeing 737-800 ტიპის სატვირთო ხომალდს პერიოდული ტექნიკური მომსახურება (C-check) წარმატებით ჩაუტარა.