სომხური მედიის ცნობით, ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა საერთაშორისო სასამართლოში სომხეთის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი მოიგო. დავა სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერის საკუთრებაში არსებულ ელექტრომომმარაგებელ კომპანიას – „სომხეთის ელექტროქსელებს“ ეხება. საქმე ისაა, რომ ივლისის დასაწყისში სომხეთის პარლამენტმა ნაციონალიზაციისა და ენერგოსექტორში მთავრობის პრევენციული ჩარევის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. დამტკიცებული კანონის მიხედვით, მთავრობა გამოუვალ სიტუაციებში რისკების სამართავად ენერგეტიკის სექტორის საქმიანობაში უნდა ჩაერიოს. ეს მოიცავს ქვეყნის ელექტრომომმარაგებელი კომპანია "სომხეთის ელექტროქსელებზე" (ENA) კონტროლის დამყარებასაც.
საქმე სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟმა განიხილა. მოსარჩელე მხარე კარაპეტიანების ოჯახი იყო., რადგან თავად ბიზნესმენი დაკავებულია. ის 18 ივნისს ერევანში დააკავეს და ამ დროიდან მოყოლებული ბიზნესმენი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სამველ კარაპეტიანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბიზნესმენმა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. მას ბრალად „ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების გაკეთება“ ედება. (სსკ-ის 422-ე მუხლის 2-ე ნაწილი)
სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის არბიტრაჟმა ერევანს დაავალა, გარკვეული დროით თავი შეიკავოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებისგან. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მიღებული უნდა იყოს გადაუდებელი ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელეები ვერ შეძლებენ ზარალის სრულად ანაზღაურებას, რადგან ისინი დაკარგავენ კომპანიის კონტროლისა და ფლობის უფლებას. სომხეთის მთავრობა ვალდებულია, სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო წესით შეასრულოს.
ENA სომეხი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის მფლობელობაში არსებული რუსულ-სომხური ჰოლდინგის, Tashir Group-ის შემადგენლობაშია. მთავრობის წევრები კარაპეტიანს კომპანიის არასათანადო მენეჯმენტში ადანაშაულებს, რამაც, მათი თქმით, "თითქმის" ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.
Forbes-ის რუსული რედაქციის მიხედვით, სამველ კარაპეტიანის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენს და ის რუსეთი უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 44-ე ადგილს იკავებს.