სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ,,კომერსანტთან" აცხადებს, რომ დღეს დედაქალაქში არც ერთი სასტუმრო ნომერი არ არის თავისუფალი. სასტუმროებში 100%-იანი დატვირთულობა Justin Timberlake-ის კონცერტმა განაპირობა. მაღალი მოთხოვნის გამო დღეს სასტუმროებმა ნომრების ფასი გაზარდეს.
,,თბილისში არც ერთი ნომერი არ არის თავისუფალი. ყველა ქვეყნიდან არიან ჩამოსულები. სეზონია თან. სეზონს დაემთხვა და თბილისში დღეს, კონცერტის დღეს არც ერთი ნომერი არ არის თავისუფალი. ერთი დღით და ორი დღით მოთხოვნიდან გამომდინარე ფასი გაიზარდა. ეს არის საბაზრო ეკონომიკა და ასე მუშაობს ის. თუ მოთხოვნა დიდია ფასი იზრდება. მე შეიძლება 100 დოლარიანი ნომერი დღეს 2 000 დოლარად გავყიდე."- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ასეთი დონის და მასშტაბის ღონისძიებები თბილისში ზამთრის პერიოდშიც უნდა დაიგეგმოს, რადგან ეს პერიოდი ნაკლები ტურისტებით ხასიათდება.
,,მთავარი თემაა ის რომ, ასეთი კონცერტები და ასეთი ივენთები გვჭირდება თბილისში ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში. ეს არის ყველაზე ჩავარდნილი პერიოდი. ასეთი ივენთები მაგ პერიოდში უნდა გაიმართოს. ახლა სეზონია და ქალაქი ისედაც სავსეა."- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.