2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, რუსმა ტურისტებმა საქართველოში 307.8 მილიონი დოლარი დახარჯეს. დახარჯული თანხის მოცულობით რუსეთის მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს შორის პირველ ადგილს იკავებენ. მეორე ადგილზე არიან ტურისტები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 277.1 მილიონი დოლარი დახარჯეს. აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, შემომსვლელი ტურიზმიდან ქვეყნის საერთო შემოსავალმა 1.971 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 20%-მა რეზიდენტის სტატუსი მიიღო, რადგან ისინი ქვეყანაში უკვე თორმეტ თვეზე მეტია უწყვეტად ცხოვრობენ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ის პირი, ვინც ქვეყანაში ერთ წელზე ნაკლები დროით იმყოფება, საერთაშორისო მოგზაურად ითვლება და რეზიდენტად დარეგისტრირების ვალდებულება არ აქვთ.

 

ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში რეზიდენტების მიერ განხორციელებული ხარჯები არ ითვლება. 2022 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, საქართველოში საცხოვრებლად რუსეთის დაახლოებით 100 ათასი მოქალაქე გადავიდა, თუმცა მას შემდეგ ბევრი მათგანი ან სამშობლოში დაბრუნდა ან სხვა ქვეყანაში გადავიდა.