ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია. გამარჯვებულებმა საფრანგეთში, 2 კვირის განმავლობაში, კერძების მომზადების პრაქტიკული სწავლება გაიარეს, დაეუფლნენ ახალ ტექნოლოგიებს, გაეცნენ მსოფლიო უახლეს ტენდენციებს სამზარეულოს აღჭურვისა და მართვის კუთხით.

„კურსის მონაწილეები თანამედროვე ტრენდებს გაეცნენ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ განავითარონ
ქართული გასტრონომია. ტურიზმისთვის გასტრონომია ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, ჩვენ აქტიურად ვეხმარებით გასტრონომიის განვითარებას, ვმონაწილეობთ, სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებში და
ვფიქრობ, ეს პროექტი ერთ-ერთი წარმატებული იქნება, მზარეულები თავიანთ კვალს დატოვებენ ქართულ გასტრონომიაში, უმასპინძლებენ ძალიან ბევრ საერთაშორისო მოგზაურს და შეძლებენ ქვეყნის პრეზენტაციას“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მზარეულებს, რომ ქართული კულინარია კიდევ უფრო განვითარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.