მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟიდან, Binance-იდან, მომხმარებლებმა 3.64 მლრდ დოლარის წმინდა მოცულობის აქტივები გაიტანეს. გადინება მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც პლატფორმამ კიბერშეტევის გამო შეჩერებული ოპერაციები ნაწილობრივ აღადგინა.
Binance-ის ცნობით, 1 ნოემბერს, 9.5 საათის განმავლობაში, მომხმარებლებმა 4.649 მლრდ დოლარის აქტივები გაიტანეს, ხოლო პლატფორმაზე 1.01 მლრდ დოლარის დეპოზიტები შევიდა. შედეგად, წმინდა გადინებამ 3.64 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც ბირჟის აქტივების დაახლოებით 2.1%-ია.
კომპანიის განცხადებით, თანხების გატანის მსურველთა რაოდენობა თავდაპირველი მკვეთრი ზრდის შემდეგ შემცირდა და მაჩვენებელი სტაბილიზაციას იწყებს. ამასთან, დეპოზიტების მოცულობა კვლავ მნიშვნელოვანი რჩება. Binance-მა მომსახურების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო და განაცხადა, რომ უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ დარჩენილ აქტივებსა და ქსელებზეც აღადგენს წვდომას.
გადინება მოჰყვა კიბერშეტევას, რომლის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 6.3 მლრდ დოლარის კრიპტოაქტივები მოიპარეს. აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ თავდასხმა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ ჰაკერულ ჯგუფს მიაწერა. Binance-ის განცხადებით, მოპარული აქტივების დაახლოებით 95% უკვე აღდგენილი ან ანაზღაურებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილის მოძიებას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.