აზერბაიჯანმა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი 17 აგვისტოს დელავერის შტატის ფედერალურ სასამართლოში დარეგისტრირდა — სწორედ ამ შტატშია CNN ოფიციალურად რეგისტრირებული.

დავის საფუძველი გახდა CNN-ის მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებული სტატია, რომლის მიხედვითაც, ისრაელი ირანთან მიმდინარე ომის პერიოდში აზერბაიჯანის ტერიტორიას სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის იყენებდა.

CNN ოთხ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ისრაელის სპეცრაზმის წარმომადგენლები, სადაზვერვო თანამშრომლები და სხვა სამხედრო პერსონალი აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში, ირანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპერირებდნენ. სტატიის თანახმად, აღნიშნული ტერიტორიები ირანის მეთვალყურეობის, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და დრონების ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.

გამოცემის ცნობით, ისრაელმა ომის დაწყებამდე აზერბაიჯანის ამ ტერიტორიებზე მოსასმენი მოწყობილობები და სხვა სადაზვერვო ტექნიკა განათავსა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ CNN-ის ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. სტატიის გამოქვეყნებამდე აზერბაიჯანის საელჩომ აშშ-ში გამოცემას განუცხადა, რომ ბაქო არ დაუშვებს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენებას მესამე სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო ან სადაზვერვო ოპერაციების განსახორციელებლად.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ CNN-ს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადა და მასალაში მოყვანილ ინფორმაციას უსაფუძვლო უწოდა. სამინისტროს განცხადებით, სტატია დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა. ბაქომ CNN-ს მასალის უარყოფა და შესწორება მოსთხოვა.

აზერბაიჯანულმა მხარემ გამოცემას ამ მოთხოვნით წერილობით სამჯერ — 6 ივნისს, 23 ივნისსა და 2 ივლისს — მიმართა. CNN-მა განაცხადა, რომ საკითხს შეისწავლიდა, თუმცა სტატია არ შეუცვლია,- ამის შემდეგ დავა სასამართლოში გაგრძელდა.

CNN-ის მასალაში ასევე განხილული იყო ისრაელის საქმიანობა აზერბაიჯანში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და ნახიჩევანში განვითარებული მოვლენები. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ოპერაცია სწორედ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან განხორციელდა.

სტატიის ერთ-ერთი ავტორია ჟურნალისტი ტიმ ლისტერი. აზერბაიჯანის ხელისუფლება მის წინა მასალებსაც მიკერძოებულად აფასებდა.