საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე ახალი ზომები დააანონსა. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, გათბობისთვის განკუთვნილი მაზუთის საწყისი საცალო ფასი ლიტრზე 1.75 ევროს არ აღემატებოდეს.

„უახლოეს დღეებში მთავრობა და ნავთობის გადამმუშავებელი კომპანიები მაზუთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ზომებს გამოაცხადებენ, რათა მისი საწყისი ფასი ლიტრზე 1.75 ევროზე ნაკლები იყოს. ეს გასული წლის სეზონის ბოლოს არსებულ ფასზე დაბალი იქნება“, - განაცხადა მიცოტაკისმა.

მისივე თქმით, გათბობისთვის განკუთვნილი დახმარება გაიზრდება და ის არა მხოლოდ იმ ოჯახებს შეეხება, რომლებიც მაზუთს იყენებენ, არამედ იმ შინამეურნეობებსაც, რომლებიც საცხოვრებლის გასათბობად ენერგიის სხვა წყაროებს იყენებენ.

მიცოტაკისის განცხადებით, ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერა, როგორც წესი, იმ რეგიონების მოსახლეობას მიემართება, სადაც კლიმატური პირობებიდან გამომდინარე გათბობის საჭიროება უფრო მაღალია.

ამასთან, საბერძნეთის პრემიერის ინფორმაციით, დიზელის საწვავზე მოქმედი სუბსიდია ოქტომბრის განმავლობაში გაგრძელდება.

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებები ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ფონზე მოსახლეობისთვის გათბობის ხარჯების შემცირებას ემსახურება. ხელისუფლება აცხადებს, რომ დამატებითი ზომების შესახებ დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.