„ზამთარში კრაიოვის „უნივერსიტატეას“ ყველაზე სასურველი ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილია. ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ 24 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება რამდენიმე თურქულ კლუბს სურს, ასევე – ბერძნულ ათენის აეკ-ს“, – ინფორმაციას რუმინული გამოცემა prosport-ი ავრცელებს.

„კლუბებს შორის მოლაპარაკება ჯერ წარუმატებელია, რადგან 3 მილიონი ევრო არაა ის შეთავაზება, რომლის მიღებასაც „უნივერსიტატეას“ ხელმძღვანელობა საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიას თანაგუნდელის საფასურად იმედოვნებს. ნახევარმცველის ტრანსფერი „დინამო თბილისიდან“ თითქმის 1 მილიონი ევრო დაჯდა, მას შემდეგ ანზორის შეფასება კიდევ გაიზარდა. გარდა ამისა, ქართველი მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება კლუბში, რომელიც ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის.

მეორე მხრივ, წასვლას თავად ფეხბურთელი არ ეწინააღმდეგება, რადგან მისი ხელფასი წელიწადში 1 მილიონ ევროს გადააჭარბებს. ანზორს კონტრაქტი კრაიოვის „უნივერსიტეტასთან“ 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კიდევ ორწელიწად-ნახევარი, და მან რამდენჯერმე გამოთქვა სურვილი, უფრო ძლიერ ლიგაში გადასულიყო. გასულ შემოდგომაზე ანზორის შესახებ პრესტიჟულ ესპანურ გამოცემა Marca-ში დაწერეს.

„მაღალ დონეზე თამაში ყველას სურს. ყველაფერს გავაკეთებ ესპანეთის ან სხვა, არანაკლებ ძლიერი ლიგის კლუბში მოსახვედრად“, – თქვა ანზორმა კრაიოვის „უნივერსიტეტასთან“ ვებგვერდთან ინტერვიუში“.

ათენში, კონფერენსლიგაზე აეკ-თან დრამატული მარცხის შემდეგ ათენური კლუბის მფლობელი მარიო ილიოპულოსი პირადად მიესალმა მექვაბიშვილს, რომლის ხილვაც ბერძნული გუნდის ნახევარდაცვაში რაზვან მარინთან ერთად სურს – ამის შესახებ უკვე ბერძნულ Gazzetta.gr-ში ვკითხულობთ.

„სანამ მნიშვნელოვანი მატჩის შემდეგ თავის მოთამაშეებს ჩაეხუტებოდა, აეკ-ის მფლობელი ქართველი ფეხბურთელის წინ გაჩერდა, მისი თავდადება და ნიჭი აღიარა და მეტოქე გუნდში აშკარად გამოარჩია. 24 წლის ნახევარმცველმა მას მადლობა გადაუხადა და სტადიონი მშვიდად დატოვა“, – ვკითხულობთ გამოცემა Gazzetta.gr-ში.

პირველი არხი