2026 წლის 1-ელი აპრილიდან ფერმერებისთვის წყლის მოხმარებაზე ახალი ტარიფები ამოქმედდება. სემეკმა „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები უკვე დაადგინა. თუ აქამდე 1 ჰექტარზე საირიგაციო წყლის გადასახადი 75 ლარს შეადგენდა, ახლა ტარიფი იზრდება, დიფერენცირებული ხდება და მორწყვის სიხშირეზეც იქნება დამოკიდებული. ასევე, ფერმერებს მოუწევთ წინასწარ შეათანხმონ საირიგაციო წყლის მიღების რეჟიმებიც.
როგორ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სემეკის წევრი გივი სანიკიძე განმარტავს, გაზრდილი ტარიფების პირობებში მიზნობრივი სუბსიდირების შესაძლებლობაც არსებობს. როგორც თავად მელიორაციის კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარეობს სუბსიდირების მექანიზმების შემუშავება და თუ აქამდე უშუალოდ მელიორაციის კომპანიის სუბსიდირება ხდებოდა, შესაძლებელია, მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ფერმერის სუბსიდირებას უზრუნველყოფს. თუ იქნება საუბარი მიზნობრივ სუბსიდირებაზე, რაც საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა, ეს იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ ფერმერებს დაასუბსიდირებს სახელმწიფო.
„აუცილებლად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტარიფი დადგინდა როგორც ინდივიდუალური ფერმერებისთვის, ასევე, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისთვის. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები - ეს არის ინდივიდუალური ფერმერების გაერთიანება, რომელიც წყალს შედარებით შეღავათიანი ტარიფით მიიღებენ. კომისიის მიერ მათთვის დადგინდა 3.5 თეთრი კუბურ მეტრზე, მაშინ, როცა ინდივიდუალური ფერმერის ტარიფი 8 თეთრია დღგ-ს ჩათვლით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ტარიფები დადგინდა როგორც გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვის და რა ტარიფიც ვახსენე, ეს არის სწორედ გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვის, მაგრამ ფერმერები, რომლებსაც მრიცხველები არ გააჩნიათ, გადაიხდიან ჰექტრების მიხედვით. კერძოდ, არსებობს მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 1-წლოვანი კულტურებისთვის ტარიფი 1 ჰექტარზე შეადგენს 116 ლარს, ხოლო მრავალწლოვანი კულტურებისთვის - 102 ლარს. ეს ტარიფი დაწესებულია წყლის თითოეულ ოპერაციაზე“, - აცხადებს გივი სანიკიძე.
მისივე განმარტებით, ტარიფში ასახულია მელიორაციის კომპანიის საოპერაციო დანახარჯები სრულად. რაც შეეხება რეაბილიტაციასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ტარიფი არ მოიცავს საინვესტიციო ღირებულებებს გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი ტიპის ტარიფები კაპიტალურ დანახარჯებს არ ფარავს. შესაბამისად, კომისიამ კანონმდებლობით და სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე დაადგინა ისეთი ტარიფი, რომელიც 100%-ით აანაზღაურებს მხოლოდ საოპერაციო დანახარჯებს.
„აქამდე არსებული ტარიფები უზრუნველყოფდა კომპანიის საოპერაციო დანახარჯების მაქსიმუმ 20%-ის ანაზღაურებას. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მელიორაციის კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, საოპერაციო დანახარჯები მაინც აინაზღაუროს და სტაბილურად უზრუნველყოს ფერმერებისა და სექტორის სხვა წარმომადგენლების წყლით მომარაგება“, - აცხადებს გივი სანიკიძე.