ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა „გეოპოლიტიკური შოკები“ ევროპული დამოუკიდებლობის ახალი ფორმის ასაშენებლად უნდა გამოიყენოს.

„გეოპოლიტიკური შოკები შეიძლება და უნდა იყოს შესაძლებლობა ევროპისთვის. ჩემი აზრით, სეისმური ცვლილება, რომელსაც დღეს განვიცდით, არის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აუცილებლობა ევროპული დამოუკიდებლობის ახალი ფორმის ასაშენებლად. როდესაც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოვიყენე ეს ტერმინი - ევროპული დამოუკიდებლობა, გაკვირვებული დავრჩი სკეპტიკური რეაქციებით, თუმცა ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, ახლა ამის შესახებ რეალური კონსენსუსი არსებობს. ეს განაპირობა ცვლილების უზარმაზარმა სიჩქარემ და თითქმის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ იმოქმედა ახალ გამოწვევაზე რეაგირებისთვის, იქნება ეს ენერგეტიკასთან, ნედლეულთან, თავდაცვასთან თუ ციფრულ საკითხებთან დაკავშირებით.

„სიმართლე ისაა, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილება მუდმივია. რა თქმა უნდა, ნოსტალგია ადამიანური ისტორიის ნაწილია, მაგრამ ნოსტალგია ძველ წესრიგს ვერ დააბრუნებს. დროზე თამაში და იმედი იმისა, რომ ყველაფერი მალე დაბრუნდება, ვერ გამოასწორებს ჩვენს სტრუქტურულ დამოკიდებულებებს. ამიტომ, ჩემი აზრი ასეთია: თუ ეს ცვლილება მუდმივია, მაშინ ევროპაც სამუდამოდ უნდა შეიცვალოს. დროა, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და ავაშენოთ ახალი დამოუკიდებელი ევროპა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ახალი ევროპა უკვე ჩნდება და ამ კონტექსტში ევროკავშირსა და მერკოსურს (არგენტინა, ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი) შორის ცოტა ხნის წინ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება ახსენა.

„ეს შეთანხმება ძლიერ მესიჯს უგზავნის მსოფლიოს, რომ ჩვენ ტარიფების ნაცვლად სამართლიან ვაჭრობას ვირჩევთ, იზოლაციის ნაცვლად - პარტნიორობას, ექსპლუატაციის ნაცვლად - მდგრადობას და რომ ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ჩვენი ეკონომიკის რისკის შემცირებას და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან გრენლანდიის საკითხზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ როდესაც საქმე არქტიკული რეგიონის უსაფრთხოებას ეხება, ევროპა ამის მიმართ სრულად ერთგულია და ამ მხრივ შეერთებული შტატების მიზნებს იზიარებს.

„არქტიკული უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ ერთად არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ არის შემოთავაზებული დამატებითი ტარიფები შეცდომა, განსაკუთრებით დიდი ხნის მოკავშირეებს შორის. ევროკავშირი და აშშ გასული წლის ივლისში სავაჭრო შეთანხმებაზე შეთანხმდნენ. პოლიტიკაში, ისევე როგორც ბიზნესში - შეთანხმება შეთანხმებაა და როდესაც მეგობრები ხელს ართმევენ ერთმანეთს, ეს რაღაცას უნდა ნიშნავდეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ამერიკელ ხალხს არა მხოლოდ მოკავშირეებად, არამედ მეგობრებადაც მიიჩნევს.

„ჩვენი სახიფათო დაღმავალი სპირალში ჩაძირვა მხოლოდ იმ მოწინააღმდეგეებს დაეხმარება, რომლებთან დაკავშირებითაც ორივე ვცდილობთ, ჩვენი სტრატეგიული ლანდშაფტისგან შორს იყვნენ. ამიტომ, ჩვენი პასუხი იქნება ურყევი, ერთიანი და პროპორციული. თუმცა, ამის მიღმა, ჩვენ სტრატეგიულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ არქტიკის უსაფრთხოების მხარდაჭერის პაკეტზე. პირველი პრინციპი: სრული სოლიდარობა გრენლანდიას და დანიის სამეფოს. მათი ტერიტორიის სუვერენიტეტი და მთლიანობა უდავოა. მეორე, ჩვენ ვმუშაობთ გრენლანდიაში ევროპული ინვესტიციების მასშტაბურ ზრდაზე. ვიმუშავებთ გრენლანდიასთან და დანიასთან ერთად, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავუჭიროთ მხარი ადგილობრივ ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას. მესამე, ვიმუშავებთ აშშ-სთან და ყველა პარტნიორთან არქტიკის უფრო ფართო უსაფრთხოებაზე. მეოთხე და იმავე სულისკვეთებით - უნდა ვიმუშაოთ ყველა რეგიონულ პარტნიორთან საერთო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. სწორედ ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ უსაფრთხოების საკითხებში პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, კანადა, ნორვეგია, ისლანდია და სხვები. ბოლოს, მჯერა, რომ ევროპა უნდა მოერგოს უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას და იმ რეალობას, რომლის წინაშეც ამჟამად ვდგავართ. სწორედ ამიტომ ამზადებს ევროპა საკუთარ უსაფრთხოების სტრატეგიას, რომლის გამოქვეყნებასაც წელს ვგეგმავთ. ამის ფარგლებში, ვაახლებთ ჩვენს არქტიკულ სტრატეგიას, რომლის ცენტრში იქნება ფუნდამენტური პრინციპი: სუვერენულმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი